უახლესი ამბები

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

13 05 2014 | ავტორი: admin
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
საქართველო და გარესამყარო
0

„მივესალმებით თქვენს ვიზიტს საქართველოში, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის ნათელ დემონსტრირებად აღვიქვამთ“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს.
მთავრობის კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობა.


შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ნატო-საქართველოს ურთიერთობები.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანსუა ოლანდს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის გააქტიურების შესახებაც ისაუბრეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში მონაწილეობას და ამაყობს, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში საფრანგეთის პარტნიორი იქნება.