რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა გროზნოში თავი აიფეთქა.
რუსული მედიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს სამართალდამცველებმა მრავალსართულიანი სახლის ბლოკირება მოახდინეს. ეჭვმიტანილმა პირველი ხელყუმბარა პოლიციელების მიმართულებით ისროლა, ხოლო მეორეთი თავი აიფეთქა. ინციდენტის შედეგად, სამართალდამცველებს შორის არავინ დაშავებულა.
გუშინ ინგუშეთში, ბორის ნემცოვის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით, მესამე ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დაკავებული კავკასიელები ზაურ დადაევი და ანზორ გუბაშევი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.