უახლესი ამბები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტოს აქვეყნებს

06 04 2015 | ავტორი: admin
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტოს აქვეყნებს
კრიმინალი
0

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცველების მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ძებნილის ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„შსს აფრთხილებს საზოგადოებას, სიფრთხილე გამოიჩინოს, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია. ასევე, საზოგადოებას ვთხოვთ, თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით (2 405 222). კონფიდენციალურობა დაცული იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ, გადამოწმების მიზნით, შალვა აბულაძე შეაჩერეს. აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სროლის შედეგად, ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს კი სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.

მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.