უახლესი ამბები

ბაბუშარის აეროპორტში დაღუპული გმირების ცხედრები თბილისში ჩამოასვენეს

16 05 2014 | ავტორი: admin
ბაბუშარის აეროპორტში დაღუპული გმირების ცხედრები თბილისში ჩამოასვენეს
კონფლიქტები
0

დღეს, აფხაზეთიდან, ბაბუშარაში ჩამოგდებული თვითმფრინავის მგზავრი 13 გმირი მეომრის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ჟურნალისტებს გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან განუცხადა.

მისი თქმით, ამ მოვლენის მიმართ საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესია. დღეს დასრულდა 1993 წლის 22 სექტემბერს ქართული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად სოხუმის ბაბუშარის აეროპორტში დაღუპული თანამემამულეების ცხედრების გადმოსვენება და 13 გმირი მეომრის ცხედარი უკვე თბილისშია ჩამოსვენებული. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ცხედრების ანთროპოლოგიური ანალიზისთვის მასალები უახლოეს მომავალში გაიგზავნება ხორვატიაში, ზაგრების ექსპერტიზის ბიუროში, ხოლო ოჯახის წევრების დნმ-ის ანალიზს სამხარაულის ეროვნული ბიურო ჩაატარებს. მონაცემების შედარების შემდეგ კი მოხდება ცხედრების იდენტფიცირება და შემდეგ ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა. 

მინისტრის თქმით, ეს პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე თვეში განხორციელდება. პროცესის მიმდინარეობას კი თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აკონტროლებს. 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტს, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა საქართველოში ცხედრების გადმოსვენება. დარახველიძის თქმით, მნიშვნელოვანია, არსებობდეს ჩვენი გმირი მებრძოლების საფლავები ადათ-წესების მიხედვით პატივმიგებული. 

დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ბაბუშარის აეროპორტში დაახლოებით 50-ზე მეტი ცხედარი იყო დასაფლავებული. 2006 წლის შემდეგ აფხაზეთიდან ცხედრების გადმოსვენების პროცესი გაყინული იყო. გასულ წელს, ახალი ხელისუფლების პერიოდში მოხდა მხოლოდ 2 ცხედრის გადმოსვენება. აფხაზეთში ომის შემდეგ 2000-მდე ქართველი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.