უახლესი ამბები

ცნობილი ქართველი კინორეჟოსორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა

03 05 2015 | ავტორი: admin
ცნობილი ქართველი კინორეჟოსორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა
კულტურა
0

88 წლის ასაკში ცნობილი ქართველი კინორეჟოსორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში რეზო ჩხეიძე ბევრს ავადმყოფობდა და საავადმყოფოში აპარატზე იყო მიერთებული.

დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის (ლიტერატურული ფსევდონიმი — დია ჩიანელი) ოჯახში.

1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე“ (1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (1954) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ (1955; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს რტო“ და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).

გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო“ (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), „მაია წყნეთელი“ (1959), „განძი“ (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), „ზღვის ბილიკი“ (1962),„ჯარისკაცის მამა“ (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), „ღიმილის ბიჭები“ (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია „ჯარისკაცის მამასთან“ ერთად, 1970), „ნერგები“ (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 – უარი განაცხადა) და სხვა.

ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენითა და მედლებით. 1963-1981 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი.