უახლესი ამბები

ბაქოში კულტურათაშორისი დიალოგის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში მინისტერიალი გაიმართა

20 05 2015 | ავტორი: admin
ბაქოში კულტურათაშორისი დიალოგის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში მინისტერიალი გაიმართა
კულტურა
0

ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში, რომელსაც 21-ზე მეტი ქვეყნის კულტურის მინისტრი ესწრებოდა. მინისტერიალი კულტურათაშორისი დიალოგის მე-3 მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც „ბაქოს პროცესის“ სახელწოდებითაა ცნობილი. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს გლობალიზაციის პროცესში საერთო ღირებულებების მნიშვნელობაზე.

კულტურათაშორისი დიალოგის მსოფლიო ფორუმი წარმოადგენს ღია პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებენ კულტურის სფეროში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. ეწყობა დისკუსიებიც. წელს ფორუმის მთავარი თემა იყო „კულტურა და მდგრადი განვითარება 2015 წლის შემდგომ პერიოდში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროსა და დიპლომატიური მისიის წევრები. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი სტუმრობდა. 


აზერბაიჯანმა პირველ მსოფლიო ფორუმს კულტურათაშორისო დიალოგის შესახებ, 2011 წელს უმასპინძლა – ფორუმი ემსახურება სხვადასხვა ერის კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას, ურთიერთგაგებას, ადამიანთა უფლებების დაცვაზე ზრუნვას, სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის, ასევე რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებას და სამომავლო თანამშრომლობას.

ღონისძიების ორგანიზატორია აზერბაიჯანის მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით (იუნესკო (UNESCO), გაეროს ცივილიზაციების ალიანსი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO), ევროპის საბჭო და ისლამური ქვეყნების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (ISESCO)).