უახლესი ამბები

ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მუჰაჯირობის“ დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

22 05 2015 | ავტორი: admin
ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მუჰაჯირობის“ დღისადმი მიძღვნილი  საღამო გაიმართა
კულტურა
0

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში  „მუჰაჯირობის“ დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა  მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტო-მასალა, სადაც ასახულია ის მოვლენები, რომელმაც უდიდესი ტკივილი  არგუნა აფხაზებსა და ქართველებს.  გაიმართა ქართულ-აფხაზური ფოლკლორული საღამოც.

ღონისძიება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტან ყოლბაიამ გახსნა. მან ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მუჰაჯირობა   აფხაზების და ზოგადად, პატარა კავკასიელ ხალხთა შემზარავი ისტორიაა, მძიმე და მოუნელებელი ხვედრია ის საქართველოსთვისაც. ის შავი აჩრდილივით აწევს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.  რენეგატები და მაამებლები  ძალ-ღონეს არ იშურებდნენ,  რუსეთის და ოსმალეთის იმპერიის  მზაკვრული გეგმა, რომელიც აფხაზთა და მაჰმადიან ქართველთა აყრას და ოსმალეთისკენ გადასახლებას ითვალისწინებდა,  ქართველებისთვისაც გადაებრალებინათ.  საბედნიეროდ, ისტორიული მეხსიერება არ იშლება, მას ვერ შეედავები. ის გახლავთ მატიანე და როგორც ცოცხალი კედელი, ისე დგას საქართველოს  და ქართველთა სიმართლის მხარეს.  თითქმის საუკუნე-ნახევარი გავიდა ამ ტრაგედიის შემდეგ, მაგრამ ჭრილობები კვლავაც მოუშუშებელია.  ამასობაში  თაობები და მენტალიტეტი  შეიცვალა.  ნამდვილად ვერ ვიამაყებთ იმით, რომ  ახალგაზრდა თაობებმა არც საქართველოში და არც აფხაზეთში,  არ იციან ის ბოროტება, რაც მუჰაჯირობამ ჩვენ ხალხებს მოუტანა. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ისტორიული წყაროებიმუჰაჯირობისადმი მიძღვნილი საღამო 11 ხელმისაწვდომი გავხადოთ  ყველასთვის, ახალგაზრდობას, მომავალ თაობებს სწორი და პირუთვნელი ინტერპრეტაციების საშუალება მივცეთ. გავაგებინოთ ყველას, რა ბოროტებას დაუდო სათავე რუსულმა იმპერიამ.  მე პირადად, აფხაზების და კავკასიელ ხალხთა გადასახლების გეგმა ძალიან მაგონებს ქართველთა განდევნას აფხაზეთიდან, როცა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, ძმათა შორის სისხლისღვრა, 1993 წელს აფხაზეთიდან 300 000 ქართველის გამოძევებით დასრულდა.  ეს რომ რუსული ხელწერაა,  მთელმა მსოფლიომ კარგად იცის. განსხვავება ისაა, რომ  რუსებმა ქართველები თავიანთ სამშობლოშივე დევნილებად აქციეს და  უკან მიბრუნების გზა მოუჭრეს. როცა აფხაზებმა რუსებთან სამოკავშირეო ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინეს, საინტერესოც კია „მუჰაჯირობა“ რატომ არავის გაახსენდა. რუსეთი მაშინ იმპერია იყო და ახლა  დემოკრატიული სახელმწიფოა? სამწუხაროდ,  ეს ავბედითი ისტორია  ქართველებზე გამეორდა, მართალია, სხვა მასშტაბით და განსხვავებული ინტერპრეტაციით.   რაც შეეხება მუჰაჯირობას,  ამ საშინელ მოვლენას მუდამ აპროტესტებდა  ქართველობა, მათ შორის, საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები,  ცნობილი მწერლები:  ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, თედო სახოკია, ალექსანდრე ყაზბეგი, სხვები და სხვები – რომლებიც ვერ ეგუებოდნენ იმას, რასაც რუსეთის იმპერია ჩადიოდა აფხაზი და კავკასიელი ხალხების მიმართ. თუ გადავხედავთ მე-19 საუკუნის  პრესას,  სავსეა მთიელი ხალხების მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი  მასალებით. ჩვენი საზოგადო მოღვაწეები, კორესპონდენტები, აჭარელი მამულიშვილები, ყველა გმობდა ამ  გაუგონარ ბარბაროსობას. როგორც ერთ-ერთი ქართველი ისტორიკოსი ამბობს: „სწორედ ჩვენი ეროვნული მოღვაწეების მიერ ძლიერი პროტესტის და სათანადო   საინფორმაციო მუშაობის შედეგად შენელდა მუჰაჯირობა აფხაზეთიდან და აჭარიდან, შემდეგ კი მთლიანად შეწყდა.  ილია ჭავჭავაძის და მის თანამოაზრე საზოგადო მოღვაწეთა მიერ სახელმწიფო სათათბიროში საკითხის მწვავედ დასმის შემდეგ, გაუქმდა ბრძანება, რომლის ძალითაც მუჰაჯირებს  სამშობლოში დაბრუნება ეკრძალებოდათ და მოუხსნეს „მოღალატის სტატუსიც“.  1980 წელს გაზეთი „დროება“ ასეთ სურათს გვიხატავს: რა უნდა ქნას კაცმა, სანამ უნდა ეწვალოს ზღვაში ეს საწყალი ხალხი? ვინ უნდა იხსნას ის სიკვდილისაგან? აფხაზები, რომლებითაც სავსე იყო თურქეთიდან მოსული გემები, სოხუმის მმართველს ემუდარებოდნენ ნაპირზე ჩამოსვლის ნება მიეცა მათთვის. მთელი დღეები მშიერ-მწყურვალი მზეზე იხრუკებოდნენ, ბავშვების და ქალების კივილი ცას სწვდებოდა“. საუკუნე-ნახევრის შემდეგაც კი ძალიან რთულია ამ თემაზე საუბარი. ჩვენი მეცნიერების და ისტორიკოსების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათთვის ეს თემა არ ძველდება, კვლავ და კვლავ ახალი მასალებით ავსებენ, მუჰაჯირობის ისტორიას, ამ რთულ და ტრაგიზმით აღსავსე გზას, რომელიც აფხაზებმა გამოიარეს. ჩვენმა სტრუქტურებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ ამ ტრაგიკული მოვლენის 151-ე წელი აღგვენიშნა. ვფიქრობ, ძალიან მაღალ დონეზე გაკეთებული ფოტო-გამოფენაა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღეს მობრძანდა და მონაწილება მიიღო ამ თარიღის აღნიშვნაში.

ჩვენ ვუთანაგრძნობთ აფხაზ ერს  და კავკასიელ ხალხებს ამ ტრაგიკულ თარიღს.  ჭრილობები უნდა მოვიშუშოთ და ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ;  ქართველთა და აფხაზთა მომავალი უკეთეს ფერებში გვინდა დავინახოთ“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

საზოგადოების წინაშე სიტყვით ასევე გამოვიდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელი ოთარ ჟორდანია, პროფესორი, ისტორიკოსი  ბეჟან ხორავა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრის მოადგილე მანანა ანუა.

საღამოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა,  მთავრობის წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები და  საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრის აპარატის, ასოციაცია „მშვიდობა და განათლება“, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, პოლიტიკური კონფლიქტებისა და მშვიდობის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.