უახლესი ამბები

კრისტის აუქციონზე ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით“ 800 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

01 06 2015 | ავტორი: admin
კრისტის აუქციონზე ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით“ 800 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა
კულტურა
0

ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ კრისტის აუქციონზე 800 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია. მან დღევანდელ აუქციონზე 43-ე ლოტად წარმოდგენილი ქართველი მხატვრის ნამუშევარი შუამავლის საშუალებით, ტელეფონით შეიძინა.

„არსენალის მთის“ აუქციონზე გატანის შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა. კრისტის აუქციონის საიტზე ის რუსული მხატვრობის სექციაში იყო განთავსებული და საწყის ფასად 800 000 გირვანქა სტერლინგი იყო მითითებული. თუმცა, დღეს აუქციონზე მის საწყის ღირებულებად მხოლოდ 550 000 გირვანქა სტერლინგი დასახელდა.

ტილო უკვე მესამედ გაიყიდა. 2007 წელს ის პირველად სოტბის, 2010 წელს კი მაკდუგალის აუქციონზე გასხვისდა. თავად ტილოს კი პირველად ბაიაძის დუქანში მიაგნეს და ის კრილ ზდანევიჩმა შეიძინა. „არსენალის მთა“ მან საბჭოთა ხელისუფლებას მიჰყიდა, რომლმაც, თავის მხრივ, ტილო ცნობილ ფრანგ მწერალს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილეზე უსახსოვრა. მწერალმა ის საფრანგეთში წაიღო და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო, სანამ რეზო თაბუკავშუილმა მას არაგონის აგარაკზე არ მიაკვლია. თუმცა, მწერლის  გარდაცვალების შემდეგ, ნახატი ირანული წარმოშობის პოეტის კერძო კოლექციაში აღმოჩნდა.

კულტურის მინისტრის განცხადებით, ქართული მხარის მიერ ნახატის აუქციონზე შეძენა დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა.