უახლესი ამბები

დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება

05 06 2015 | ავტორი: admin
დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება
გარესამყარო
0

3 ივნისს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუცია კიდევ ერთხელ დაამტკიცა. რეზოლუციას 75-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი წავიდა 16 ქვეყანა. რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა წელს 6 სახელმწიფოთი გაიზარდა. მათ შორის, პირველად საქართველოს მხარი თურქეთმა, პანამამ და აფრიკის რამდენიმე ქვეყანამ.

ამასთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ რეზოლუცია არ არის მიმართული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისკენ და არანაირად არ შეუწყობს ხელს აფხაზ და ქართველ ხალხს შორის ნდობის აღდგენას, მიღებული რეზოლუცია კი სერიოზულად შეუშლის ხელს ჟენევის მოლაპარაკებებს. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რეზოლუციის განხილვის შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნების უმრავლესობას არ სურს ჩაერთოს თბილისის პოლიტიკურ თამაშებში და ცალმხრივ რეზოლუციებს ნიველირებენ. აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლება უკმაყოფილებას აცხადებს იმასთან დაკავშირებითაც, რომ მათ არ ეძლევათ უფლება მსგავს რეზოლუციებში მათი შენიშვნები შეიტანონ, რაც დოკუმენტს „რეგიონში შექმნილი რეალობიდან განსხვავებულს ქმნის“.