უახლესი ამბები

პროკურატურა კაბელების საქმეზე დაკავებულების პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

18 06 2015 | ავტორი: admin
პროკურატურა კაბელების საქმეზე დაკავებულების პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს
კრიმინალი
0

პროკურატურამ დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს. მიზეზად ბრალდების მხარე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვას ასახელებს. 9 თვიანი ვადა 2015 წლის 28 ივლისის იწურება.

“მაშინ როდესაც საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები, რომელმაც გასტანა თითქმის 3 თვე (პირველი წინასასამართლო სხდომა ჩატარდა 2015 წლის 01 აპრილს), რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საერთო სასამართლოების პრაქტიკაში; ასეთ ვითარებაში პროკურატურას არ გააჩნია გონივრული მოლოდინი, რომ დარჩენილ დროში, იმ ვითარებაში როდესაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული წინასასამართლო განხილვა, საქმეზე შესაძლებელი გახდება არსებითი განხილვის ფარგლებში შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.

ამავდროულად, პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ წინასასამართლო განხილვისას გადალახულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება ცნობილია დასაშვებად, ანუ კანონის დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებებად. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით შემცირებულია ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები; ბრალდებულების მიმართ გამოყენებულმა პატიმრობამ გამოიღო პრევენციული შედეგი, რამაც გამოიწვია მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და ბრალდებულებსა და მოწმეებს შორის არაკანონიერი გარიგებების განხორციელების საფრთხეების შემცირება”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირები: ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 19 ივნისს 11 საათზეა დანიშნული, სადაც პროკურატურა შუამდგომლობას დააყენებს.

წყარო: Rustavi2.com