უახლესი ამბები

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს

15 04 2014 | ავტორი: admin
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს
კონფლიქტები
0

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს. დაკავებული არიან ტელეკომპანია „TV 3“-ის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

დაკავების შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. მისი ცნობით, ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.
რაც შეეხება დაკავებულთა ადგილმდებარეობას, ევროკავშირის მისიისთვის ეს ინფორმაცია უცნობია.

ჟურნალისტების დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე ინფორმირებულია. შსს-ს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია ცხელი ხაზის საშუალებით მიეწოდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეში უკვე ჩართო საერთაშორისო ორგანიზაციები. ცხელი ხაზის მეშვეობით ცოტა ხნის წინ მიეწოდა ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას“, – აცხადებენ უწყებაში.

როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) განუცხადეს, „მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა დაკავებულები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ“. სწორედ მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლების მიზნით.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია დაკავების შესახებ. ჩვენი ცხელი ხაზის საშუალებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. აქტივირებულია ჩვენი ცხელი ხაზი, რომელიც ეხმარება მხარეებს, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მიდის მოლაპარაკებები, რათა ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ“, – განაცხადა EUMM-ის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო სუხიტაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მოლაპარკებებში ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები.

გადამღები ჯგუფის დაკავების თაობაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას ესაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.
„რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ჟურნალისტების თაობაზე უკვე გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასთან. როგორც მაცნობეს, მისია “ცხელი ხაზის” საშუალებით დაუკავშირდა ოსურ მხარეს და ჟურნალისტების გათავისუფლებაზე აქტიურად ვმუშაობთ. ჟურნალისტების დაკავება ძალიან სამწუხარო და სავალალო ფაქტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.

უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის განცხადებით, ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლების თაობაზე აქტიური მუშაობა მიმდინაროებს.

როგორც იმერლიშვილმა რუსი ოკუპანტების მიერ ტელეკომპანია “ტვ3”-ის ჟურნალისტების დაკავების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, პროცესში შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები არიან ჩართულნი.

„ესაა აღამშფოთებელი ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის მისია საქართველოში – მონიტორები, რომლებიც იქ იმყოფებიან და ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს მუშაობა მათი დაბრუნების თაობაზე. პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო”, – აღნიშნა იმერლიშვილმა.
რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიოს, იმერლიშვილის თქმით, ეს პირველი პირის კომპეტენციის საკითხია.

“უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის ექსკლუზიური უფლება აქვს პრეზიდენტს. რაც შეეხება საფრთხეებს, უშიშროების საბჭო მათზე ინტენსიურად მუშაობს და ვაწვდით ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტს. როგორც კი ის ჩათვლის საჭიროდ მოიწვიოს უშიშროების საბჭო, აუცილებლად მოიწვევს”, – აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსი ოკუპანტების მიერ “ტვ3”-ის გადამღები ჯგუფის დაკავების საკითხის კომენტირებისას განუცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრას ქართველი ჟურნალისტების დაკავების საკითხით დაიწყებს.

„ზურაბ აბაშიძე ჯერ არ ჩასულა პრაღაში. როგორც კი ჩავა, ჩვენ მას დაველაპარაკებით, ინფორმაციას მივაწვდით და ის თავის შეხვედრას ბატონ კარასინთან სწორედ ამ თემით დაიწყებს”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში გამგზავრებამდე საგარეო უწყება ან შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში ჩააყენონ.

„ჩვენ, პირველ რიგში, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც უკეთესი მექანიზმები აქვს იმისთვის, რომ გაიგოს, თუ რა ხდება. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ როგორც ერთთან, ისე მეორესთან. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ ვიცით, სად წაიყვანეს ჩვენი ჟურნალისტები – სად გადაიყვანეს, რადგან მათთან კონტაქტი, ჯერჯერობით, არ დამყარებულა. სამწუხაროა ის, რაც მოხდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, ვინც აპირებს გაემგზავროს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში _ არ გააკეთონ ეს გაუფრთხილებლად და ყოველთვის ასეთი გეგმები შეატყობინონ საგარეო ან შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ჟურნალისტების დაკავების შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდება და მათ „მალე დავიბრუნებთ“.