უახლესი ამბები

პეკინში ხელი მოეწერა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმებას

29 06 2015 | ავტორი: admin
პეკინში ხელი მოეწერა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმებას
ეკონომიკა
0

დღეს, ქ. პეკინში ხელი მოეწერა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმებას. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

სადამფუძნებლო შეთანხმების ხელმოწერის მომენტისთვის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს 57 დამფუძნებელი წევრი ქვეყანა ჰყავს. საქართველო ბანკის 45-ე დამფუძნებელი ქვეყანაა.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, სხვადასხვა წარმოების სექტორებში ინვესტირების გზით, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება, რეგიონალური პარტნიორობის ხელშეწყობა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა.


აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მოიზიდოს დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსი.


ბანკის დამფუძნებლებს შორის არიან რეგიონის შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბანგლადეში, ბრუნეი, კამბოჯა, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ისრაელი, იორდანია, ყაზახეთი, სამხრეთი კორეა, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, მალაიზია, მალდივები, მონღოლეთი, მიანმარი, ნეპალი, ახალი ზელანდია, ომანი, პაკისტანი, ფილიპინები, კატარი, რუსეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, შრი-ლანკა, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უზბეკეთი, ვიეტნამი.
წევრები არიან ასევე: ავსტრია, ბრაზილია, დანია, ეგვიპტე, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო.
ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წლის ბოლომდე ღია იქნება კიდევ შვიდი ქვეყნისთვის. ახალი საფინანსო ინსტიტუტის ამოქმედება სწორედ წლის ბოლოსთვის იგეგმება.


დღესვე დელეგაციების ხელმძღვანელებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვდა.