უახლესი ამბები

სპორტული კომპლექსი „ახალი თბილისი“ გაიხსნა

10 07 2015 | ავტორი: admin
სპორტული კომპლექსი „ახალი თბილისი“ გაიხსნა
საზოგადოება
0

საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი და მძლეოსნობის ახალი სტადიონი– თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი „ახალი თბილისი“ გაიხსნა, სადაც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება გაიმართება.

სპორტული კომპლექსის გახსნას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაურმა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სულ მალე თბილისი ევროპის 50-მდე ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს და ოლიმპიადის პერიოდში იქცევა სპორტის ევროპულ დედაქალაქად.
„ჩვენს ქვეყანაში ეს არის პირველი სპორტული კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე არენას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ სივრცეში მოქცეული სპორტული არენები ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს მისცემს სრულფასოვანი მზადების საშუალებას და არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომ განთავსდნენ, ივარჯიშონ და განიტვირთონ კომპლექსიდან გაუსვლელად. „ახალი თბილისის“ სპორტული კომპლექსი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მაქსიმალურ კომფორტს უქმნის როგორც თბილისი 2015-ის მონაწილეებს, ისე იმ სპორტსმენებს, რომლებიც მომავალში თბილისში გაივლიან შეკრებებს,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სპორტული დარბაზები მომავალშიც უზრუნველყოფს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამართვას.
„ახალი თბილისის“ გახნის საზეიმო ცერემონიალზე, ასევე გაიხსნა სკულპტურული კომპოზიცია ქანდაკება „ოლიმპიური ალი“, რომლის ავტორი არის ლევან ვარდოსანიძე.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ თბილისში 26 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე ჩატარდება. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა: ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.