უახლესი ამბები

ვაშლიჯვრის დასახლებაში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩა და მემორიალური კომპოზიცია გაიხსნა

18 07 2015 | ავტორი: admin
ვაშლიჯვრის დასახლებაში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩა და მემორიალური კომპოზიცია გაიხსნა
საზოგადოება
0

ვაშლიჯვრის დასახლებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრის, აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩას და მემორიალური კომპოზიცია გაიხსნა. წელს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის 135 წლის იუბილე აღინიშნება. კომპოზიცია ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ გახსნეს.

ვახტანგ ყოლბაიამ არზაყან ემუხვარის მოღვაწეობასა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში მის დიდ ღვაწლზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, ქალაქ თბილისის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დავით ნარმანიამ და გიორგი ალიბეგაშვილმა. ,,დიდ მადლობას ვუხდი ყველას ვინც მონაწილება მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში, რადგან არზაყან ემუხვარს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცებაში. მე ვამაყობ, რომ მისი შთამომავალი ვარ“,-განაცხადა არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ. ღონისძიებას აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, არზაყან ემუხვარის შთამომავლები და დევნილი საზოგადოება დაესწრო. შესრულდა ქართულ-აფხაზური სიმღერები.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩის და მემორიალური კომპოზიციის გახსნის ინიციატივა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნის და საქართველოს მთავრობის, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს ხელშეწყობით განხორციელდა. კომპოზიციის ავტორია აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ კოკაია.

 

„დღეს ყველას გვეამაყება, რომ 135 წლის შემდეგ არზაყან ემუხვარი საქართველოს დედაქალაქში სამუდამოდ დაიდებს ბინას. არზაყან ემუხვარი აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარე გახლდათ. მისი ხელმოწერა ამშვენებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსაც. არზაყან ემუხვარი ამბობდა: „მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ფიქრიც კი იმის შესახებ, რომ აფხაზეთი საქართველოს გარეშე შეიძლება წარმოვიდგინოთ“. არზაყან ემუხვარის ქუჩა 21919 წლის 20 მარტს აფხაზეთის სახალხო კრებამ არზაყან ემუხვარის ხელმძღვანელობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთის ადგილი მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაშია. ეს გახლდათ მთავარი, ლეგალური დოკუმენტი, სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მსოფლიოს და მათ შორის, აფხაზებსაც ველაპარაკებით. ეს სამართლებრივი ნორმა გვეუბნება, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ამიტომაც აფხაზეთის დღევანდელი მთავრობა, იმ მთავრობის სამართალმემკვიდრედ ითვლება, რომელსაც არზაყან ემუხვარი ხელმძღვანელობდა. ჩვენმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, უნდა იცოდეს ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რას გვეუბნება ჩვენი ყოფიერების უახლესი ისტორია. პრემიერ-მინისტრმა, ქალაქის მერიამ და საკრებულომ ჩვენ წინადადებას მხარი დაუჭირა და თბილისში ვაშლისჯვრის დასახლების ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა არზაყან ემუხვარის სახელი. ამიტომ როგორც დღეს აქ ითქვა სამართლიანობა აღდგა. ეს გვჭირდება ყველას, მთელ საზოგადოებას ქართველ ხლხს. მადლობა მინდა გადავუხადო იმათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშილს, ქალაქის მერს დავით ნარმანიას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს და რაღა თქმა უნდა, მხატვარს და მოქანდაკეს ზურაბ კოკაიას, ვინც ეს შესანიშნავი მემორიალური კომპოზიცია შექმნა. მინდა მივესალმო არზაყან ემუხვარის შთამომავალს ნინო მარშანიას და მადლობა გადავუხადო თანადგომისა და გაწეული დახმარებისთვის. უღრმესი მადლობა დამსწრე საზოგადოებას და ყველას ვინც დღევანდელი დღის სიხარული ჩვენთან ერთად გაიზიარა.“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.