უახლესი ამბები

ოლიმპიურ ფესტივალში „თბილისი 2015“ მონაწილე დევნილ სპორტსმენებთან შეხვედრა მოეწყო

22 07 2015 | ავტორი: admin
ოლიმპიურ ფესტივალში „თბილისი 2015“ მონაწილე დევნილ სპორტსმენებთან შეხვედრა მოეწყო
პოლიტიკა
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე დევნილ სპორტსმენებს შეხვდნენ, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

დევნილი ახალგაზრდები სპორტის სხვადასხვა სახეობებში იასპარეზებენ, კერძოდ, დიანა ზოლოტუხინა, საბა სოსელია, მარი ჩაკაბერია, ლუკავა დათო მძლეოსნობაში, თათია გადელია – ხელბურთში, ოთარ პერტაია – კალათბურთში, ანა მაქაცარია – ჩოგბურთში.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთიდან დევნილი მსოფლიო ჩემპიონები გოგიტა არქანია, სვეტლანა ფრუიძე, ირაკლი ცხოვრებაშვილი, აფხაზეთის სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები და სპორტული მწვრთნელები ესწრებოდნენ.

„დღევანდელი შეხვედრა იმ ქართველ სპორტსმენებს გავუმართეთ, რომლებიც აფხაზეთიდან არიან დევნილები. ჩვენ ახალგაზრდებს ძალიან კარგი სპორტული ტრადიციები მოსდგამთ აფხაზეთიდან, რომელთაც არაერთხელ უსახელებიათ თავიანთი სამშობლო. დღეს ჩვენთან თავი მოიყარეს გამორჩეულმა სპორტსმენებმა, რომლებიც 50 ქვეყნის 6 ათას საუკეთესო სპორტსმენთა რიგებში მოხვდნენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბავშვებს ძალიან სერიოზული მომავალი ელით წინ. ეს ხომ მათი პირველი ნაბიჯია დიდ საერთაშორისო სპორტულ ფორუმებში ასპარეზობის გზაზე. მათ შორის ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ მომავალ მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სოზარ სუბარს ჩვენი ერთობლივი ღონისძიებისთვის. ვუსურვებ საინტერესო, წარმატებულ სპორტულ ასპარეზობას ქართველ სპორტსმენებს, რომელთაც ამ ოლიმპიურ ფესტივალზე მთელი საქართველო გულშემატკივრობს,” – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

2015 წლის 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე საქართველოს დედაქალაქი უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას – ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით თბილისს 50 ქვეყნის 6 ათასი ახალგაზრდა სპორტსმენი ესტუმრება.