უახლესი ამბები

ომბუდსმენი მანიფესტების ხელშეშლას განცხადებით ეხმაურება

23 07 2015 | ავტორი: admin
ომბუდსმენი მანიფესტების ხელშეშლას განცხადებით ეხმაურება
პოლიტიკა
0

სახალხო დამცველი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების ხელშეშლის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ 20 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომებს, სადაც განიხილებოდა აქციის „Stop Russia-ს” ერთ–ერთი ორგანიზატორის, „ტაბულას“ პროდიუსერის ალექსი მაჭავარიანისა და „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართულ შეკრებაზე დაკავებული 10 პირის საქმე.

როგორც ცნობილია, 18 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ორგანიზებული აქციის (Stop Russia) დაწყებამდე, პოლიციელებმა დააკავეს მისი ერთ–ერთი ორგანიზატორი, „ტაბულას“ პროდიუსერი ალექსი მაჭავარიანი. დაკავების მიზეზად მიეთითა ის გარემოება, რომ მაჭავარიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას და არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას, რაც სასცენო მოწყობილობით დატვირთული სატვირთო ავტომანქანის მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანას გულისხმობდა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სატვირთო ავტომანქანის მიერ ქვეითთა სავალ ნაწილზე მოძრაობის ხელშეშლა ან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები სხდომაზე ასევე მიუთითებდნენ, რომ წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენდა ალექსი მაჭავარიანის მიერ ნათქვამი ფრაზა – „სამარცხვინო პოლიცია“.

სახალხო დამცველი მიესალმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ალექსი მაჭავარიანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ პოლიცია, რომელიც მართლწესრიგის დაცვისკენაა მიმართული, პირველ რიგში თავად უნდა იძლეოდეს კანონშესაბამისობის მაგალითს. მისი ქმედებები არ უნდა აჩენდეს თვითნებური მოქმედების ეჭვს. სამწუხაროა, რომ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით პოლიციამ მისი საქმიანობის კრიტიკული შეფასება – „სამარცხვინო პოლიცია“ – წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია, რითაც უკიდურესად დაავიწროვა სიტყვის თავისუფლების ფარგლები. იმედს გამოვთქვამ, რომ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება დადებით გავლენას იქონიებს პოლიციის სამომავლო საქმიანობაზე.

როგორც ცნობილია, 19 ივლისს პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ მინდინარე აქციაზე გამოყენებული ტრანსპარანტების გამო. პლაკატზე „პანორამა თბილისის“ პროექტი კაცის სასქესო ორგანოს იყო შედარებული. სამართალდამცავთა განმარტებით, ამ პლაკატების გამოყენება ადმინისტრაციული სამართალდარღევა, კერძოდ კი წვრილმანი ხულიგნობა იყო. მათ შეადგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, რომელიც წარედგინა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ასევე მიუთითებდენენ, რომ პლაკატზე მითითებულ სიტყვებს აქციის ცალკეული მონაწილეები ხმამაღლა იმეორებდნენ, თუმცა მათ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი ამ კონტექსტში სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივ რეგულირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს შესაძლებლად, თუ საქმე ეხება პირისპირ შეურაცხყოფას ან უხამსობას. გამოყენებული პლაკატებით ვინმეს პირისპირ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ის არ წამოადგენდა წვრილმან ხულიგნობას. სახალხო დამცველის მოსაზრებით, აღნიშნული პლაკატი ასევე არ წარმოადგენდა უხამსობას, ვინაიდან გაკეთებული იყო საზოგადოებრივი პროტესტის ჭრილში და ამ თვალსაზრისით, გააჩდა პოლიტიკური ღირებულება. სასამართლოს ამ საქმეზე ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუმცა სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ ის იქნება დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სტანდარტებზე და დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას.

აქვე აღსანიშნავია, რომ „პანორამა თბილისის“ წინაღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 10 პირიდან 4 ქალი იმავე დღეს გამოუშვეს, 6 კაცი კი დროებითი მოთავსების იზოლატორში დარჩა. ერთ–ერთი ქალის განმარტებით, ამის მიზეზად პოლიციამ მათი სქესი დაასახელა. დადასტურების შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოს ასეთი მიდგომა სრულიად გაუმართლებელია და შესაძლოა ავლენდეს, რომ დაკავების გამოყენება მოცემულ ვითარებაში საერთოდ არ იყო აუცილებელი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების ხელშეშლის ფაქტები სამართალდამცავთა მხრიდან. ბოლო განცხადება ერთ–ერთ ასეთ ფაქტზე სახალხო დამცველმა 12 ივნისს, ჰეიდარ ალიევის პარკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაავრცელა. აღნიშნული ფაქტები შესაძლოა მიუთითებდეს არაჯანსაღი ტენდენციის დამკვიდრებაზე, რომელსაც სჭირდება სასწრაფო ყურადღება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება უნდა იყოს დაცული ყველასათვის, სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები ნაკარნახევი უნდა იყოს მხოლოდ კანონით და ემსახურებოდეს ადამიანის უფლებების დაცვასა და პატივისცემას”,- ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.