უახლესი ამბები

ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში, 42 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა

28 07 2015 | ავტორი: admin
ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში, 42 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა
საზოგადოება
0

დღეს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში, 42 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა სვენდ მონრად გრაუნბოელმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ  და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.

ახალსოფელში შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭომ განახორციელა. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 141 დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 42 ოჯახი შეირჩა. შენობაში სულ 42 ბინაა, აქედან 14 – ერთოთახიანი, 23 ოროთახიანი, 5 – სამოთახიანი. თანამედროვე სტანდარტის შენობის თითოეულ ბინაში დამონტაჟდა წყლის ელექტროგამაცხელებელი და გაზის გამათბობელი, ეზოში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის.

ბინების გადაცემის პარალელურად, დანიის ლტოლვილთა საბჭომ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალ საცხოვრებელ ადგილას შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, დევნილი ოჯახებს მცირე გრანტები გადასცა. ახალ ბინებში გადასულ ყველა დევნილ ოჯახს, მათი სურვილის შესაბამისად, გადაეცათ საბრუნავი კაპიტალი ან ხელსაწყოები და დანადგარები მცირე ბიზნესისათვის.

დღესვე ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 28 თორმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელი ფართი 2016 დევნილ ოჯახს გადაეცემა. საწყის ეტაპზე ორი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინაროებს, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება და ბინას 144 დევნილი ოჯახი მიიღებს.