უახლესი ამბები

პრემიერმა ჩიფსების საწარმო გახსნა

29 07 2015 | ავტორი: admin
პრემიერმა ჩიფსების საწარმო გახსნა
ეკონომიკა
0

დამზადებულია საქართველოში – ქართულ ბაზარზე დღეიდან ადგილობრივი ნედლეულით წარმოებული ჩიფსი FRIXX-ი გაიყიდება. ახალი საწარმო, რომელიც 4 მილიონი ლარის ინვესტიციით შეიქმნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობა. პრემიერი მოხარულია, რომ ისეთი წარმატებული ბიზნესმენი, როგორიც ჟან-ფრედერიკ პაულსენია, საქართველოში ბიზნესს აფართოებს. „ეს არის კიდევ ერთი ქართული წარმოება და წარწერა შეფუთვაზე – დამზადებულია საქართველოში, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ჟან-ფრედერიკ პაულსენი საქართველოში საცხოვრებლად გერმანიიდან გადმოვიდა. ეს არის ნათელი გზავნილი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი ინვესტორებისთვის, ვინაიდან პაულსენების ოჯახი მთელს მსოფლიოში ცნობილია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პაულსენების ოჯახის ინვესტიცია საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე მეტყველებს და სხვა ბიზნესმენებისთვის სერიოზული სტიმულის მიმცემი მაგალითია. „ეს არის ყველაზე ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში აბსოლუტურად ჯანსაღი ბიზნესგარემოა. სხვა შემთხვევაში პაულსენების ოჯახი ინვესტიციებს საქართველოში არ განახორციელებდა. ისინი 15 წელია, შეყვარებულნი არიან საქართველოზე და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ჩვენ, სახელმწიფო და პაულსენების ოჯახი, ერთობლივად ვგეგმავთ, განვახორციელოთ სერიოზული ინვესტიცია მუხრანში, რათა აღვადგინოთ ის ისტორიული ძეგლები, რომლებიც საუკუნეებს ითვლის. ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რა განწყობები აქვს ბატონ პაულსენს და ნაკლებად საინტერესოა, რას ფიქრობენ ოპონენტები, ეს არის საქართველოსადმი ნდობის მაგალითი, რომელიც დღითიდღე იზრდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.