უახლესი ამბები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა თავის სომეხ კოლეგასთან გამართა შეხვედრა

18 08 2015 | ავტორი: admin
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა თავის სომეხ კოლეგასთან გამართა შეხვედრა
საქართველო და გარესამყარო
0

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინიტრთან, სერგო კარაპეტიანთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

ოთარ დანელიამ სომეხ კოლეგას საქართველოში აგრარული დარგის, როგორც სახელმწიფო პრიორიტეტის, განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. მინისტრმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის,  ENPARD -ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა აგროწარმოებისა და სოფლის განვითარებისთვის) ფარგლებში ტექნიკური და ფინანსური დახმარების მნიშვნელობას აგრარული დარგის განვითრების ხელშეწყობაში. ახლო მომავალში სომხეთის რესპუბლიკაში ENPARD – ის პროგრამის განხორციელება დაიწყება და  აღნიშნული პროგრამის ინპლემენტაციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება სომხეთისთვის მნიშვნელოვანია.

ოთარ დანელიამ სომეხ კოლეგასთან ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და  აღნიშნა, რომ  ქართული პროდუქციის ექსპორტი მეზობელ ქვეყანაში აქტიურად ხორციელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სომხეთში ციტრუსის ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი.  მინისტრმა სომხურ მხარეს და უშუალოდ სოფლის მეურნეობის მინისტრს, სერგო კარაპეტიანს ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის  მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინიტრმა სერგო კარაპეტიანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და სომხეთს აგაგრული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების რეალური პერსპექტივა აქვთ. მხარეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

„ბაზრების დივერსიფიკაციის თემა ჩვენი ქვეყნის აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის მნიშვნელოვანია ახალ ბაზრებზე პროდუქციის გატანა. კოლეგა მინისტრთან ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვიმსჯელეთ და პოზიციები და სამომავლო გეგემები განვიხილეთ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

„სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელსაც ეფექტიანი განვითარება სჭირდება. ამ დარგის განვითარების  მიმართულებით  საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, ამიტომ გამოცდილების გაზიარების მიზნით  ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა  მნიშვნელოვანია.  ჩვენთან განვითარებულია სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება, თევზის წარმოება, სუფრის ყურძნის წარმოება. ეს მიმართულებები თქვენთვისაც საინტერესოა.  აქედან გამომდინარე,  ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად  ნაყოფიერი შეიძლება იყოს. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთობლივი წარმატებები“, – განაცხადა სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სერგო კარაპეტიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყანაა, საქართველომ კი  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა. აქედან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის შესაძლებელია ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება.

ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ოთარ დანელიამ სომეხ კოლეგას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შენობები დაათვალიერებინა და მუშაობის პროცესი ადგილზე გააცნო.