უახლესი ამბები

23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნა

24 05 2014 | ავტორი: admin
23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნა
კულტურა
0

საქართველოს საპატრიარქოს და აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით 23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნა.

23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით ეს დღე „აფხაზეთობის“ დღედ დადგინდა.

„აფხაზეთობის“ დღეს, სხვადასხვა ღონისძიებები მიეძღვნა.

პირველი ღონისძიება გმირთა მოედანზე გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და მთავრობის სხვა წევრებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალთან ის მოქალაქეებიც მივდნენ, რომლებმაც აფხაზეთის ომში ახლობლები დაკარგეს.

„აფხაზეთობის“ ტრადიციის დამკვიდრების მნიშვნელობაზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ასეთ თარიღად სვიმონ კანანელის ხსენების დღე შეირჩა.

„ეს თარიღი ჩვენთვის გლოვის , ტირილის, სულიერი განცდების დღე იყო მუდამ. მაგრამ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ ჩვენი პატრიარქის ბრძნული სიტყვები: ტირილს, გლოვას, თავისი ვადა აქვს. დროა ახალ მომავალზე ვიზრუნოთ, რომელიც ჩვენ თავად უნდა შევქმნათ. 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე -„აფახაზეთობა“ ერთნაირად ეკუთვნის აფხაზებს და ქართველებს. ამიერიდან ეს დღე დღესასწაულის, ზეიმის დღედ უნდა ვაქციოთ. სხვაგვარად ჩვენ წაგებული აღმოვჩნდებით. ეს დღე, სხვა განწყობას შექმნის, სხვა მოლოდინს გააჩენს, ქართველებშიც და აფხაზებშიც. ახალ შუქს შეიტანს ჩვენი კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში. ასეთი სიბრძნისა და წინდახედულებისთვის ჩვენ ყველანი უდიდეს მადლობას მოვახსენებთ პატრიარქს.

23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს უკავშირდება. ის ერთ-ერთია 12 მოციქულთაგან, რომელსაც ქალწულმა მარიამმა საქადაგებლად საქართველოში, აფხაზეთში ჩამოსვლა დაავალა. სვიმონ კანანელი პირველი საუკუნეების 50-იან წლებში აფხაზეთში მოღვაწეობდა და მისიის შესრულების შემდეგ სხვაგან წასვლა აღარ ისურვა, აფხაზეთში დარჩენა მოიწადინა. მან ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ ქართველებს და აფხაზებს იმ მშვენიერ კუთხეში ერთად ეცხოვრათ, ერთად მოქცეულიყვნენ ქრისტიანებად. თავისი მისია სვიმონ კანანელმა ბრწყინვალედ შეასრულა და აღესრულა კიდეც აფხაზეთში. მისი განსასვენებელიც აფხაზეთშია. წმინდანის საფლავზე აგებული ახალი ათონის მონასტერი კი ჩვენი, აფხაზების და ქართველების ერთობის გვირგვინია. ამიტომაც აბსოლუტურად კანონზომიერია და ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ პატრიარქმა აფხაზეთის დღე იმ მოციქულის სახელს დაუკავშირა, რომელმაც აფხაზეთისათვის, საქართველოსთვის იღვაწა, იტანჯა და ღვთით მადლცხებული აღესრულა“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მომავალი წარსულით იქმნება…

გმირთა მემორიალიდან „აფხაზეთობის“ აღნიშვნამ ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ გადაინაცვლა, სადაც აფხაზეთის ღირსეული წარმომადგენლების მემორიალი გაიხსნა. ქვაზე 13 პიროვნების სახელი და გვარია ამოტვიფრული: დიმიტრი (არზაყან) ემხვარი, ილია ვეკუა, აკაკი ჩხენკელი, გიორგი შარვაშიძე, ამბროსი ხელაია, დიმიტრი გულია, ლეო ბოკერია, ზურაბ სოტკილავა, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე, ვიტალი დარასელია, ვიქტორ სანეევი, ვლადიმერ ბარქაია და გიორგი (ჟორა) სიჭინავა. ეს ადამიანები დევნილ მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შეირჩა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში სოციალური ქსელების მეშვეობით ატარებდა.

მემორიალი საზეიმოდ გახსნეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სტუმრებმა: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგიელმ გოგი ფაცაციამ, ასევე ილია ვეკუას, ზურაბ სოტკილავას, არზაყან ემხვარის, ვიტალი დარასელიას ნათესავებმა და ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა სიომა ბარქაიამ. ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი უძღვებოდა. შესრულდა ქართულ-აფხაზური სიმღერები. საზოგადოებას წარუდგინეს მემორიალური ქვის ავტორი მოქანდაკე ზურაბ კოკაია.

 

ვახტანგ ყოლბაიას თქმით, ქვაზე ამოტვიფრულია ისეთი ადამიანების გვარ-სახელები, რომლებზეც ვერც ქართველს და ვერც აფხაზს აუგი ვერ დასცდება. მათ თავიანთ მხრებზე ატარეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობა.

„ეს იმდენად სათუთი თემაა, რომ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია სრულიად გასაგებია ჩვენთვის. იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ზედმეტი ვნებათაღელვა, ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოკითხვა სოციალურ ქსელებში ჩაგვეტარებინა. დასახელებული იყო 50-ზე მეტი გვარი. აქედან, ყველაზე მეტი ხმა იმ გვარების წილად მოვიდა, რომლებიც შემდეგ მემორიალურ ქვაზე ამოიტვიფრა. ეს ის ხალხია, რომლებმაც თავიანთი საქმიანობითა და მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელის სადიდებლად. ამ თვალსაზრისით, ისინი გლობალური, პლანეტარული მასშტაბის ფიგურები არიან. ეს ეხება ხელოვნებას, მეცნიერებას, ჯანდაცვას, სპორტს, საზოგადოებრივ მოღვაწეობას. გამოკითხვაში დასახელებული ყველა პიროვნება ძალიან ღირსეული და დასაფასებელია, მაგრამ საზოგადოებამ ისეთი ხალხი შეარჩია, რომელნიც მაღალი ჰუმანისტური იდეებით მუდამ გამოირჩეოდნენ. ეს ის ხალხია, რომელთა მიმართ, ვერც ქართველს და ვერც აფხაზს აუგი ვერ დასცდება. ქართულ-აფხაზური ურთიერთობის წინსვლაში მათ ლომის წილი უდევთ. ბუნებრივია, შეიძლება გარკვეული კითხვებიც დაისვას, უკმაყოფილების განცდაც იყოს. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქვაზე ამოტვიფრული გვარ-სახელების შერჩევისერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ქართულ-აფხაზური ურთიერთობებია, მისი ისტორია და მომავალია. სწორედ ამას ქადაგებს მუდამ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქიც “, – აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

მისივე თქმით, იგი სრულიად იზიარებს საზოგადოების აზრს, შერჩეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, თუმცა პირადად ის მაინც დაუმატებდა რამდენიმე გვარს.

„ეს ჩემი არჩევანი არ არის, ეს გამოკითხვის შედეგებია. ყველანი ხედავთ, ხალხმა ვის მიანიჭა უპირატესობა – მსოფლიოში განთქმულ ქირურგს, გამოჩენილ ტენორს, საქვეყნოდ აღიარებულ სპორტსმენებს, ოლიმპიურ ჩემპიონს, აფხაზური ანბანის შემდგენელს, ცნობილ პოეტსა და მთარგმნელს, აფხაზეთის მთავრობის პირველ თავმჯდომარეს. სიმართლე გითხრათ, ამ სიას 2-3 კაცს კიდევ დავუმატებდი, – მაგრამ საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობა სამართლიან გადაწყვეტილებად მიმაჩნია, რასაც უმრავლესობა ვიზიარებთ“, – განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.აფხაზეთობა 9

ღონისძიების ბოლოს, იქ მისულმა საზოგადოებამ მემორიალური ქვა წითელი მიხაკებით შეამკეს.

დღის დასკვნითი ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. საპატრიარქოს მხარდაჭერით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელწოდებით „აფხაზეთი“ გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, სასულიერო პირებმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.აფხაზეთობა 11

ღონისძიების ბოლოს გაიმართა აფხაზეთიდან დევნილი კომპოზიტორის ია მაისაიას სიმღერის „აფხაზეთო საქართველოს მშვენებავ“ კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.