უახლესი ამბები

ოთარ ჟორდანიას 75 წელი შეუსრულდა

23 09 2015 | ავტორი: admin
ოთარ ჟორდანიას 75 წელი შეუსრულდა
მეცნიერება
1

გამოჩენილ ქართველი საზოგადო მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის სოხუმის ფილიალის (სოხუმის უნივერსიტეტი) რექტორის (1993 – 2005 წლებში),   სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლის ოთარ ჟორდანიას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მიღება გაიმართა.

ოთარ ჟორდანიას დაბადების დღე მიულოცეს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა   დანიელმა,   საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ თორდიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.

ოთარ ჟორდანიას „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ქ. თბილისში ფუნქციონირების, აღდგენის, თანამედროვე დონის უმაღლესი განათლების კერად ჩამოყალიბების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და  ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

ოთარ ჟორდანიას იუბილე მიულოცა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ. მან მის ღვაწლსა და დამსახურებებზე ისაუბრა და მეცნიერს კიდევ დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

„აფხაზეთის ხელისუფლებამ – უმაღლესმა საბჭომ და მთავრობამ გადავწყვიტეთ აღგვენიშნა  ბატონი ოთარის 75 წლის იუბილე. ბატონი ოთარი ბევრად მეტს იმსახურებს, ვიდრე ჩვენ ეს შევძელით. უმაღლესმა საბჭომ დღეს იგი დააჯილდოვა ჩვენი უმაღლესი ჯილდოთი – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით. შთამბეჭდავია ოთარ ჟორდანიას განვლილი გზა ახალგაზრდობიდან დღემდე – ეს ის კაცია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა აფხაზეთის უმაღლესი განათლების პროცესს დევნილობაში. გარდა ამ ყველაფრისა, როგორც მოქალაქე, როგორც საზოგადო მოღვაწე, ბატონი ოთარი ძალიან თავმდაბალი ადამიანია. მას ყველა სფეროში ახასიათებს შეუპოვრობა, რაინდობა, პირდაპირობა; ჩვენ ვამაყობთ მისით. ვულოცავ მას იუბილეს და მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, რათა კიდევ უფრო მეტი გააკეთოს ჩვენი მომავალი თაობებისათვის“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.