უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია: აფხაზები ნათლად აცნობიერებენ, რომ ურთიერთობა, რომელიც დღეს  რუსეთთან აქვთ, არ ღირდა ძმათა შორის სისხლისღვრად 

27 09 2015 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია: აფხაზები ნათლად აცნობიერებენ, რომ ურთიერთობა, რომელიც დღეს  რუსეთთან აქვთ, არ ღირდა ძმათა შორის სისხლისღვრად 
ინტერვიუ
0

27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. დღე, როდესაც სოხუმი დაეცა და აფხაზეთი დროებით დაიკარგა საქართველოს შემადგენლობიდან, დევნილად იქცა ასი ათასობით ადამიანი… სოხუმის დაცემის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას, რომელიც ასევე გვესაუბრა იმ მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა დევნილთათვის ახორციელებს.

…გემით წასვლა არავის სურდა, რადგან საკუთარი თვალით ნახეს, როგორ დაიბომბა ხალხით სავსე გემი.

სოხუმის დატოვება არ გვემეტებოდა. გული უკან გვექაჩებოდა. ცალი ფეხი გარეთ გვრჩებოდა. ვფიქრობდი, რომ რაღაც ძალიან ცუდს ჩავდიოდი. წარმოუდგენლად მიმაჩნდა როგორ უნდა შევლეოდი სოხუმს.

აფხაზები ადრე თუ ძალიან კატეოგრიულები იყვნენ გარკვეული საკითხების მიმართ, დღეს ეს  ნაკლებად იგრძნობა. ისინიც ნათლად ხვდებიან, რა არის რუსეთის რეალური განზრახვა და მიზანი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს აანალიზებენ.  

ისტორიას ბევრი მაგალითები ახსოვს, როცა წარმოუდგენელი რეალობად  ქცეულა. თუნდაც ბერლინის კედელი რად  ღირს.  ბედის უკუღმართობით ასეთი კედელია სწორედ ენგურის ხიდზე  ჩვენ შორის გაწოლილი, რომელიც მწამს, აუცილებლად  დაინგრევა.

გალის ბაზარს არამარტო ზუგდიდთან მიმართებაში, არამედ აფხაზეთთანაც ვერაფერი შეაჩერებს. სოხუმშიც იციან, რომ ეს დროებითი მოვლენაა. მაგრამ ცდილობენ საკუთარი ელექტორატის გულის მოგებას. სამწუხარო ის არის, რომ როგორც ყოველთვის, ისევ უბრალო მოსახლეობა იჭყლიტება და მათ ექმნებათ სირთულეები.

რეფორმებს ვახორციელებთ თანმიმდევრულaდ, ჰუმანური მიდგომით, დევნილობის სტატუსიდან და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე.

წინა პროექტებით, სადღაც 200 სამუშაო ადგილი შევქმენით დევნილთათვის. მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ ეს საქმე მეტი ინტენსივობით. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილებისთვის, მათი ოჯახებისთვის.

– ბატონოვახტანგ,  ამჟამად რა პროგრამებს ახორციელებს აფხაზეთის მთავრობა დევნილთათვის?

ვფიქრობ, ჩვენ სწორი ნაბიჯები გადავდგით სოციალური პრობლემების მოგვარების გზაზე  რეალური შესაძლებლობიდან  და რესურსებიდან გამომდინარე. ალბათ ჯობს  კონკრეტულ მაგალითებს  მივმართო, რომ უფრო გასაგები გახდეს კერძოდ რას ვგულისმობ. საქართველოს მთავრობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს მეშვეობით, ჩვენ სარგებლობის უფლებით მივიღეთ 40 000 კვ. მ  სასათბურე მეურნეობის კონსტრუქციები, რაც დევნილებს გავუნაწილეთ. ამაში დაგვეხმარა  ამერიკული  „იუესაიდი“ და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია „ნეო“. სწორედ მათ გამოაცხადეს ტენდერი, რომლის შედეგადაც, კონსტრუქციების  ერთი ნაწილი გადაეცა ინდივიდუალურ პირებს, მეორე  არასამთავრობო ორგანიზაციებს. ახლა ზუგდიდში, სოფელ რუხში  4 000 კადრატულ მეტრ ფართობზე   უახლოეს დროში რეალურად გვექნება  საკმაოდ კეთილმოწყობილი,  კარგად მოვლილი, შეიძლება ითქვას, საჩვენებელი სასათბურე მეურნეობა. მასვე ახლავს საკუთარი ოფისი და დასასვენებელი სოციალური ობიექტი.  ასევე ქუთაისშიც,  იქ არსებული სსიპ-ის კუთვნილებაში,  გვაქვს სასათბურე მეურნეობა 1000-ზე მეტ კვ. მეტრ ფართობზე. პროგრამას ახორციელებს „ბიზნესინკუბატორი“,  რომელიც  მოამზადებს სპეციალისტებს სხვადასხვა მიმრთულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობის დარგში. ისინი შეისწავლიან  მცენარეული ჯიშების გამოყვანას,   მოსავლის მოყვანის და აღების ტექნოლოგიას და სხვა მიმართულებებს. მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ყველა, ვინც დევნილებს მხარში დაუდგა, ირწმუნა მათი შრომისმოყვარეობა და ნიჭი, არ დაიშურა მათთვის ფინანსური და მეთოდოლოგიური დახმარება. სოფელ რუხის შემთხვევაში,  დაგვეხმარა იაპონიის საელჩო, რომელთანაც აქტიური თანამშრომლობა გვაკავშირებს.  ქუთაისში მხარში ამოგვიდგა ამერიკული ორგანიზაცია „იუესაიდი“. ინტენსიურად ვთანამშრომლობთ თურქეთის საელჩოსთან, თურქეთის  განვითარების სააგენტოსთან, რომლის ხელმძღვანელობის დახმარებით, საქართველოში, ვაზიანში, სამკერვალო საამქრო გაიხსნა. სამკერვალო ძალას იკრებს და სულ მალე გამოუშვებს მაღალი ხარისხის ფეხსაცმელსდა ტანსაცმელს. დარწმუნებული ვარ, ეს პროდუქცია სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ბაზარზე ანალოგიურ საქონელს.  ასეთივე წამოწყება და ინიციატივა შეიძლება შევთავაზოთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.  რაღა თქმა უნდა, ამ ობიექტებზე  მხოლოდ დევნილები არიან და იქნებიან დასაქმებული.  გათვალისწინებული გვაქვს თბილისის ზღვაზე განვათავსოთ კიდევ ერთი სასათბურე კონსტრუქცია. კარგი მიღწევები გვაქვს მეფუტკრეობაში, მეჩაიეობაში. არ შემიძლია არ მოვიხსენიო ორგანიზაცია „ინტერნეიშენალ ალერტი“,  რომელიც მუდამ ჩვენს დახმარებას ცდილობს. „ინტერნეიშენალ ალერტი“,  აფინანსებს აფხაზურ, რუსულ, სომხურ და ქართულ ერთობლივ პროექტებს, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობთ.  თანამშრომლობა შევთავაზეთ ჩეხეთის საელჩოსაც, რაზეც  თანხმობა მივიღეთ. ახლა  ბაგებში, დევნილთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთობლივად ვქმნით მეფუტკრეობის ძალიან მაღალი ხარისხის საცდელ ლაბორატორიას.   მეამაყება, რომ  ზუგდიდში ჯანდაცვის ობიექტი უკვე მწყობრშია. არ შემიძლია არ ვუმადლოდე ამ ობიექტის ხელმძღვანელს, ბატონ თამაზ ჯანაშიას, რომელმაც იქ არსებული ჩვენი სსიპ-ის მიერ დაზოგილი თანხით,   შესანიშნავი ორსართულიანი საავადმყოფო ააშენა. ეს საავადმყოფო აფხაზეთის მთავრობის საკუთრებაშია და ზუგდიდში ფუნქციონირებს. ყურადღების მიღმა არ გვრჩება სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერაც.   მაგალითისთვის მოვიყვან ჯანდაცვის ობიექტს, რომელიც  კალაუბნის ქუჩაზე ფუნქციონირებს. აქ განთავსებულია  ჩვენი მთავრობის მიერ დაფუძნებული რამდენიმე შპს. ამავე შენობაში,  გამოვყავით ფართი რეფერალურ პროგრამაში მონაწილეთათვის, რომლის კეთილმოწყობაშიც  ისევ თურქეთის საელჩო დაგვეხმარა. ანალგოიური  მისაღები ფართი არის ქუთაისშიც, „ბიზნესინკუბატორში“. ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა საელჩოების მხარდაჭერით, ვცდილობთ შევიძინოთ თანამედროვე აპარატურა  ჯანდაცვის ობიექტების სრულყოფილი კეთილმოწყობისათვის. აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით,  სენაკის პოლიკნიკინას უკვე გადავეცით ახალი აპარატურა.     უპრეცედენტოა C ჰეპატიტის პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო. ამ პროექტს აფხაზეთშიც დიდი გამოხმაურება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ზუგდიდის რაიონში მიწაზე სარგებლობის  უფლებით გამოყოფილი გვაქვს ტერიტორია. ჩვენ ერთ-ერთ კერძო სტრუქტურას მივეცით თანხმობა ტენდერის წესით მიწაზე სარგებლობის უფლების მოპოვებაზე.  სანაცლოდ, ეს ბიზნეს სტრუქტურა სოციალური ინფრასტრუქრურის ობიექტების მშენებლობისათვის,  დადებული ხელშეკრულების თანახმად, 150 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას ჩადებს. წლის ბოლომდე, ტენდერის წესით  ზუგდიდიში  მეთევზეობის მეურნეობის განვითარებას შევეცდებით.  არიან სხვა მსურველებიც, რომლებთანაც გავაფორმებთ სხვა მსგავს ხელშეკრულებებს და ამით სარგებელობას მოვუტანთ  ჩვენს დევნილებს.  ზუგდიდში, 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე   მეორე წელია სიმინდი მოგვყავს. იქ დევნილთა ნაწილია დასაქმებული, უვლიან და მოწეულ მოსავალს ანაწილებენ დევნილებზე, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ. ეს ძალიან  მოკლე ჩამონათვალია ჩატარებული სამუშაოსი, რისი გაკეთებაც ამ  მცირე დროის მანძილზე მოვასწარით. დღეს არ ვისაუბრებ  სოციალურ და კულტურული დანიშნულების პროექტებზე, ამაზე  მოგვიანებით შეიძლება ვილაპარაკოთ.

ასეთი მუშაობა მიმდინარეობს დღეს ჩვენს სტრუქტურებში. პარარელურად მძიმედ, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ რეფორმების განხორციელების გზაზე. ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ რეფორმების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, მაგრამ, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად, სურვილი  და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა. კონკურსი კონკურსია. ის ყველამ უნდა გაიაროს. ზოგიერთებმა კი ეს ღირსების შელახვად ჩათვალეს და კონკურსის მიღმა აღმოჩნდნენ.

– როგორ შეაფასებდით ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს? ვგულისხმობ . . საზღვრის ჩაკეტვას, გალის სკოლებში ქართულის სწავლების აკრძალვას, თხილის სეზონზე გლეხების დაყაჩაღებას რუსი სამხედროების მიერ

მოგეხსენებათ,  ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ვმონაწილეობ. ორი წლის განმავლობაში მეათედ ვიყავი ჟენევაში და ერთ-ერთი მთავარი საკითხი,  რომელსაც ჩვენ მუდმივად ვაყენებთ  განათლების საკითხია. სამწუხაროდ,   განათლების სფეროში რეალური შედეგი ვერ მვიღეთ.  ძალიან დიდი კამათის საგანია  ქართული ენის სწავლების საკითხი. ოქტომბერში მოგვიწევს წასვლა და კიდევ  ერთხელ ამაზე მსჯელობა. ქართული ენაზე სწავლება აფხაზეთის ტერიტორიაზე სულ უფრო რთულდება.  გალის რაიონში შედარებით ნაკლებად იყო ეს პრობლემა და  ახლა იქაც, 11 სკოლაში საფრთხე შეექმნა ქართულ ენას.  გეოგრაფიის და ისტორიის სწავლება  რუსული სისტემით შექმნილი სახელმძღვანელოებით მიმდიმარეობს. ეს კი ძალიან საგანგაშოა. ვხედავთ, რომ თანდათანობით, მეთოდურად ხორციელდება ქართულის გამოდევნა. ამ თემებზე ჟენევაში პრინციპული საუბარი მოგველის. ძალიან პრობლემურია აფხაზეთში პრივატიზაციის საკითხი. აფხაზეთიდან გამოდევნილმა მოსახლეობამ ყველაფერი დაკარგა. ქონება, სახლ-კარი, საცხოვრისი. ამ ქონების მითვისებას ვერ დავარქმევთ პრივატიზაციას. წართმევას, წაგლეჯას კი ბატონო. ასეთი ძალისმიერი ქმედება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საქვეყნოდ აღიარებულ საერთაშორისო ნორმებს და სამართლებრივ სისტემას. მით უმეტეს,  საქართველოში მიღებული კანონი,  ბათილად ცნობს ნებისმიერ ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან იქნება დადებული. ეს არის უსერიოზულესი პრობლემები – აფხაზეთის მიწების, განათლების საკითხები, ამას დავუმატებდი  სასაზღვრო რეჟიმს. არის განზარახვა, რომ გამკაცრდეს ე. წ. სასაზღვრო რეჟიმი, გაართულონ მიმოსვლა. ეს წააგავს საცრით წყლის ჭერას.   ყველანაირი ბარიერის და დისკომფორტის მიუხედავად, ხალხი  მაინც არ მოიშლის ენგურ გაღმა-გამოღმა სიარულს.  თუ ეს ასე არ მოხდება,  პრობლემა თავად  აფხაზეთში იჩენს თავს, რადგან გალის ბაზარს არამარტო ზუგდიდთან მიმართებაში, არამედ აფხაზეთთანაც ვერაფერი შეაჩერებს. სოხუმშიც იციან, რომ ეს დროებითი მოვლენაა. მაგრამ ცდილობენ საკუთარი ელექტორატის გულის მოგებას.  სამწუხარო ის არის, რომ როგორც ყოველთვის, ისევ უბრალო მოსახლეობა იჭყლიტება და მათ ექმნებათ სირთულეები.  ეს კანონი არ მიუღია არც არძინბას, არც ბაგაფშს, არც ანქვაბს. ეს ახლა მოიფიქრეს  იქ არსებულმა ძალებმა, რითაც მოსახლეობის გულისწყრომა დაიმსახურეს.  არა მგონია,  აფხაზებისთვის ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს.

– რა ვითარებაა ამჟამად აფხაზეთის მთავრობაში? დასრულდა რესტრუქტურიზაციარეორგანიზაციის პროცესი? რა გეგმები გაქვთ, რა შეიცვლება დევნილთათვის უკეთესობისკენ?

ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ რეფორმებს ვახორციელებთ თანმიმდევრულaდ, ჰუმანური მიდგომით, დევნილობის სტატუსიდან და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე.   გავაუქმეთ რამდენიმე სამინისტრო. სამუშაო ადგილების დიდი დანაკარგი არ ყოფილა. შევეცადეთ სხვა სტრუქტურებში გამოგვენახა ადგილები მათთვის, ვინც  სამუშაო ადგილი დაკარგა.

– ანუგადაანაწილეთ?

გადავანაწილეთ როგორც ნაწილობრივ სახელმწიფო, ისე, ძირითადად, კომერციულ სტრუქტურებში.  წეღანაც მოგახსენეთ ამის თაობაზე. დარჩა რამდენიმე კაცი ორი სამინისტროდან, რომელსაც ჩვენ შევთავაზეთ მონაწილეობა მიეღოთ საკონკურსო შერჩევაში, მაგრამ მათ ეს შეურაცხყოფად მიიღეს და ჩვენი შეთავაზებული ადგილები არ მოისურვეს.  ასეთია რეალობა. ჩვენ  კი ვერ დავყოვნდებით.  ყველა შემთხვევაში, ჩვენ სამუშაო ადგილებს ვქმნით და მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ ეს საქმე მეტი ინტენსივობით. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილებისთვის, მათი ოჯახებისთვის.  წინა პროექტებით, სადღაც 200 სამუშაო ადგილი შევქმენით. შეიძლება ეს დიდი ციფრი არ არის, მაგრამ ჩვენ  დევნილობაში  ვართ, დამოკიდებული ვართ უამრავ ფაქტორზე, რომელიც ხელს ნამდვილად არ გვიწყობს. მაგრამ გაჩერება და ხელების ჩამოყრა არაფერს გვარგებს. ჩვენი დევნილი მოსახლეობა ძალიან გამრჯე, მშრომელი, იდეური, მრავალი ტალანტით დაჯილდოებული ხალხია. ყოველ  შექმნილ სამუშაო ადგილს ოქროს ფასი აქვს ჩვენი ხალხისთვის, მორალური ფინანსური, და, თუ გნებავთ, რეალიზებული ადამიანის თვალსაზრისით. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ორასი სამუშაო ადგილი ცოტა არ არის.  რა თქმა უნდა, რეორგანიზაცია არ არის თვითმიზანი. მაგრამ გვინდა უფრო მოქნილი, თვითკმარი სტრუქტურა  ჩამოვაყალიბოთ, ეკონომიკური,  სოციალური, კულტურული,  და სხვა მრავალი თვალსაზრისით. ეს მიმართულება გაგრძელდება, იმიტომ რომ ასეთმა მიდგომამ გაამართლა და უკვე ფაქტები სახეზე გვაქვს. მადლიერნი ვართ, რომ ამ საქმეში ჩვენ  ცენტრალური სტრუქტურები მხარს გვიჭერს და გვეხმარება.  ამ მხრივ ძალიან  ხელს გვიმართავს დევნილთა, სოფლის მეურნეობის,   ჯანმრთელობის,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები, ქალაქის მერია, პრემიერი და  მთლიანად ხელისუფლება. ყოველ ჩვენს თხოვნას და წამოწყებას გულისყურით ეკიდებიან. ეს კი ჩვენთვის დიდი სტიმული და მხარდაჭერაა დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად.

– ხვალ სოხუმის დაცემიდან 22 წელი სრულდებარას იტყვით უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკული თარიღის შესახებ, რას გაიხსენებთ? როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელს, როგორ გესახებათ ქართულაფხაზური მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის აღდგენის გზები? თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული წინადადებები აფხაზებისადმი? 

ვერც წარმომედგინა, რომ 22 წლის შემდეგ თბილისიდან  მომიწევდა ამ თემაზე საუბარი. გნებავთ სენტიმენტალობაში ჩამომართვით, გნებავთ მოკრძალებაში, გნებავთ იმედის გაცრუებაში ან როგორც გნებავთ.

დამიჯერეთ,  სოხუმში ვინც ეს ბოლო ტრაგიკული  დღეები გამოვიარეთ,  ამ საზარელი ამბის მოყოლას და გახსენებას თავს ვარიდებთ. ამდენი წლის შემდეგაც ყველას გვაწვალებს ერთი და იგივე კითხვა, რატომ ვერ ავიცილეთ თავიდან ეს  საშინელი ტრაგედია.   რატომ ვიქეცით დევნილებად. შეგვეძლო კი ამის არიდება თავიდან.  არა მგონია, ამ კითხვებზე დღეს ვინმემ შეძლოს პასუხის გაცემა.  მჯერა, რომ მოგვიანებით, დადგება დრო, როცა  პასუხი აუცილებლად გაეცემა დასმულ კითხვებს.

არ მინდა ეს მძიმე დღე კიდევ უფრო დავამძიმო საშინელი მოგონებებით. ამიტომ, სოხუმში ყოფნის ბოლო დღის ფრაგმენტს გავიხსენებ.

სოხუმის დაცემის წინა დღეს,  ჟიული შარტავამ თათბირზე გვიხმო მე და გია გვაზავას. ჩვენ დევნილთა ევაკუაციის საკითხებზე აეროპორტზე ვიყავით მიმაგრებული. ამავე დროს,  ჟიული შარტავას მოადგილე ვიყავი, პარალელურად კი საქართველოს პარლამენტის წევრი გია გვაზავასთან ერთად. თათბირი 8 საათზე იყო დანიშნული, მაგრამ აეროპორტიდან დროულად გასვლა ვერ მოვახერხეთ. უკვე შებინდდა, როცა იქ მყოფ ჩვენს მეგობარს, ზაურ პაჭკორიას (ომის დროს სამხედრო მოსამართლე) და მის შვილს ქალაქში გაყვანა ვთხოვეთ. მანძილი საკმაოდ დიდი იყო, სადღაც 20-25 კმ. სოხუმში ძალიან მძიმე სიტუაცია დაგვხვდა. მთავრობის შენობამდე პრაქტიკულად ვერ მივაღწიეთ, ყველა მხრიდან ცეცხლი იყო გახსნილი.  საბოლოოდ, ძალიან გვიან, შენობაში მაინც მოვახერხეთ შესვლა. ქვემოთ ბატონი ჯუმბერ ბეთაშვილი დამხვდა.  ზაურ პაჭკორია და მისი ვაჟი, რომელიც საჭესთან იჯდა, მანქანაში დავტოვეთ, მე და გია კი მაღლა ავედით, სადაც საკმაოდ ხალხი დაგვხვდა. მათ შორის მახსენდება საშა ბერულავა, მიშა კოკაია, ლორიკ მარშანია, ავთანდილ ჯორბენაძე, „ჯიჯი“ შარტავა და მრავალი სხვა. შესვლისას გვითხრეს, რომ თათბირი გადადებული იყო და   ჟიული სინოპის შტაბში წასულიყო. სპეციალური ტელეფონით დავურეკე და ვკითხე, ხომ არ ჰქონდა რაიმე დავალება. მიპასუხა, რომ მეორე დღეს შემეხმიანებოდა. იქ მყოფი ბიჭების თვალებში ისეთი განწყობა ამოვიკითხეთ, რომ ვერ მივატოვეთ და  საკმაო ხანს შევყოვდნით. არასოდეს დამავიწყდება მიშა კოკაიას ჩავარდნილი თვალები,  საშა ბერულავას განწირული ხმა. რამდენჯერმე ამოგვაკითხა ზაურ პაჭკორიამ, წავიდეთ, თორემ ჩავიკეტებით, წავიდეთ თორემ ჩავიკეტებითო. ჩვენამდე კი ეს არ დადიოდა. ვერ წარმოგვედგინა ბიჭების  ამ მდგომარეობაში დატოვება. იძულებული ვიყავით გაგვეთვალისწინებინა, რომ თან გვახლდა ზაურ პაჭკორიას ვაჟი, შემოტევა კი ძალიან სერიოზული იყო, ბავშვს უნდა გავფრთხილებოდით. ისევ აეროპორტში წავედით. ქალაქიდან დიდი წვალებით გავაღწიეთ.

მეორე დილით, შტაბში რომ მივედით,  ჟიული მთავრობის სახლში დაგვხვდა წასული  თავის თანაშემწეებთან ერთად. როგორც გავარკვიეთ, ეს ის ბიჭები იყვნენ, ვინც  წინა საღამოს მთავრობის შენობაში დავტოვეთ. პრობლემა იყო ისიც, რომ აეროპორტის ბუნკერში იმყოფებოდა 300-400 დევნილი აფხაზეთის სხვადასხვა რაიონიდან და ვერ ხერხდებოდა მათი გამგზავრება – უკვე აღარ დაფრინავდნენ თვითმფრინავები, არ დადიოდა მატარებელი.  მათი გადაყვანა გემებით თუ მოხერხდებოდა. გვსურდა, როგორმე მიგვეყვანა ე.წ. „ლიტერატურნაია გაზეტას“  ნავმისადგომამდე. ავტობუსები იყო, მაგრამ არ იყო საწვავი, რომლის შოვნასაც ვცდილობდით. ცენტრალურ შტაბში ასვლისას დავინახე შევარდნაძე, ბათიაშვილი, ჯავახიშვილი, კავსაძე. ბატონ ჯავახიშვილს ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე დახმარება. მან გასცა განკარგულება, რომ ჩვენთვის საწვავი მოეცათ. ხალხს ავტობუსებში ჩასხდომა და ნავსადგურისაკენ წასვლა შევთავაზეთ. თუმცა, ნავსადგომი დაიბომბა, ხალხი უკან მობრუნდა და ისევ ბუნკერში ჩავიდა,  ჩვენ კი იძულებული გავხდით, შემდეგ განკარგულებებს დავლოდებოდით. ის იყო დაღამდა. ზაურ ხაინდრავა შინ წავიდა, გია გვაზავაც  ახლომახლო  იყო.  ოთახში მარტო დავრჩი. შუაღამისას დარეკა სპეციალურმა ტელეფონმა. ხაზზე იყო ვინმე ოფიცერი, რომლის ინფორმაციით,ნაპირს მოადგებოდა ჩვენი კატერი და უნდა გაგვეფრთხილებინა ჩვენი არტილერია, რომ ცეცხლი არ გაეხსნათ. იქვე იმყოფებოდა უშიშროების თანამშრომელი შამილ კალანდია, რომელსაც ამ დავალების შესრულება ვთხოვე. ვიდექი ფანჯარასთან და ვაკვირდებოდი რა ხდებოდა გარეთ. ღამე იყო საშინელი უკუნეთი.  საბურავების ხმა გავიგე. აეროპორტის ეზოში რამდენიმე მანქანის სილუეტი დავინახე. მათი შემოსვლა და მყისიერი დაბომბვა ერთი იყო.  ისეთი სიძლიერის  დაბომბვა და გრუხუნი იყო, რომ გრძნობა დავკარგე. გონს რომ მოვედი, კედელს ვიყავი მიყრდნობილი და ჩემ წინ ზურგით, ხაკისფერ ქურთუკში ჩაცმული შევარდნაძე იდგა. მის გვერდით იყვნენ კვირაია, ბათიაშვილი, სანდრო კავსაძე, ჯორბენაძე, ჟურნალისტი რეზო ეგაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი. მათ აეროპორტის უფროსო ზაურ ხაინდრავა იკითხეს, ხაინდრავას მოსაყვანად წავედი.  მისმა მეუღლემ მითხრა, რომ ზაური უკვე წაეყვანათ. უკან დაბრუნებულს ის უკვე ოთახში დამხვდა. ზაურის ინფორმაციით, საპრეზიდენტო თვითმფრინავი დაბომბვის დროს დაზიანებულიყო, რომლის დროსაც ლევან თედიაშვილის ვაჟიც დაიღუპა. ერთადერთი გზა, ერთ-ერთი დარჩენილი თვითმფრინავი იყო, რომელიც მცირე შეკეთებას საჭიროებდა,  პილოტები  ითხოვდნენ თან ოჯახის წევრებიც წაეყვანათ, რა თქმა უნდა, ამ პირობას უყოყმანოდ დაეთანხმნენ. დაახლოებით დილის 6 საათზე, თვითმფრინავი აფრინდა. პრობლემა ის იყო, რომ ამ დროის მანძილზე, აეროპორტში თვითმფრინავი არც აფრენილა და არც დაფრენილა.  იყო დაბომბვის საშიშროება. აეროპორტის უფროსი ზაურ ხაინდრავა პროფესიით შტურმანი იყო, მან პილოტებს აუხსნა, თუ რა მიმართულებით უნდა გაფრენილიყვნენ ისე, რომ ვერ ჩამოეგდოთ. თვითმფრინავმა  თურქეთის მხარეს შუა ზღვისკენ აიღო გეზი. მახსოვს, დარჩენილი ოთხი ადამიანი, მე, ზაური, გია გვაზავა და  ემზარ ქაქუჩაია (ადგილობრივი მაცხოვრებელლი) კასრზე შევდექით და თვითმფრინავის გაფრენას თვალს ვადევნებდით; უცბად,  მოგვეჩვენა, თითქოს თვითმფრინავს ბოლი აუვიდა, თუმცა ეს მხოლოდ თვალის მოტყუება გამოდგა. თვითმფრინავი, როგრც შემდგომ შევიტყვეთ, მშვიდობიანად დაეშვა ჯერ ბათუმში, შემდეგ- თბილისში. სადღაც 11 საათისთვის, შევარდნაძეს დავურეკე და ვკითხე,  როგორ დავხმარებოდი ბუნკერში დარჩენილ ხალხს. პრეზიდენტმა მთხოვა, დავკავშირებოდი ევაკუაციის შტაბის ხელმძღვანელ ოთარ ფაცაციას. სხვა დავალებაც მომცა. ოთარს ვთხოვე, რომ ამიერკავკასიის სარდალთან, რეუტთან დაერეკა და ხალხის გადასაყვანად ოჩამჩირე-გულრიფშის რკინიგზის გახსნა ეთხოვა. რეუტმა მას სასტიკი უარი განუცხადა. ცოტა ხანში, ბატონმა ოთარმა დამირეკა და მითხრა, რომ 3-დან 4-საათამდე, „ლიტერატურნაია გაზეტას“ ნავსადგომს მოადგებოდა დიდი სადესანტო ხომალდი, რომელიც 900 კაცზე მეტს იტევდა. ამის შემდეგ,  დავიწყეთ სამზადისი ამ გეგმის შესასრულებლად.  აღარც საწვავი გვქონდა, აღარც ავტობუსები იყო. მე და გია გვაზავა საწვავისთვის გულრიფშისკენ გავემგზავრეთ.. გზაში გულრიფშის #1 სკოლასთან დაბომბვაში მოვყევით, თავი შევაფარეთ სკოლის შენობას. მოვბრუნდით უკან. გზაში ერთი დაჭრილი მეომარიც ჩავისვით, რომელიც აეროპორტში მივიყვანეთ.

აეროპორტში ისევ ის რამდენიმე კაცი ვიყავით:   ზაურ ხაინდრავა, გია გვაზავა და შამილ კალანდია, ემზარ ქაქუჩაია, მე და ბუნკერში დარჩენილ ადამინათა უკვე შეთხელებული ჯგუფი. ამ დროს გამოჩნდა  ემზარ ქაქუჩაია და გვუებნება,  თვითმფრინავი  ასაფრენად მზად არის და დარჩენილ ხალხს გველოდებაო.  როგორც აღმოჩნდა, ზაურ ხაინდრავას, გაერემონტებინა  „შემონახული“ თვითმფრინავი, ასაფრენად ემზადებოდა და გვიხმობდა ადგილზე დარჩენილებს. ბუნკერში თავშეფარებულმა დევნილებმა  ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავი  რომ დაინახეს, სასწრაფოდ დატოვეს თავშესაფარი და თვითმფრინავში ავიდნენ.  გემით წასვლა არავის სურდა, რადგან საკუთარი თვალით ნახეს,  როგორ დაიბომბა ხალხით სავსე გემი.  ქაქუჩაია ყველას გვთხოვდა, რომ თვითმფრინავს გავყოლოდით, მაგრამ  სოხუმის დატოვება არ გვემეტებოდა.  გული უკან გვექაჩებოდა. ბიჭებმა გვითხრეს,  ახლა გამოგვყევით, შემდეგ ისევ უკან დავბრუნდეთო. ცალი ფეხი გარეთ გვრჩებოდა. ვფიქრობდი, რომ რაღაც ძალიან ცუდს ჩავდიოდი. წარმოუდგენლად მიმაჩნდა როგორ უნდა  შევლეოდი სოხუმს.

22 წელი გავიდა ამ ამბების შემდეგ დღემდე ამ ლაბირინთში ვართ, რომლიდანაც გამოსავალს ვეძებთ. ცხოვრება გრძელდება და ჩვენც არ ვჩერდებით. უკვე 10 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. სიტუაცია აფხაზეთში რა თქმა უნდა, შეცვლილია, დროს თავისი მიაქვს. აფხაზები ადრე თუ ძალიან კატეოგრიულები იყვნენ გარკვეული საკითხების მიმართ, დღეს ეს  ნაკლებად იგრძნობა. ისინიც ნათლად ხვდებიან, რა არის რუსეთის რეალური განზრახვა და მიზანი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს აანალიზებენ.  უკვე წამოიზარდა ახალი თაობა. ჩვენი ვალია, რომ  ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდებმა საერთო ენა გამონახონ, მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ჩვენ კი, უფროსმა თაობამ, ორივე მხარემ, უნდა გავამთლიანოთ ჩატეხილი ხიდი. სხვა გამოსავალი ამ ლაბირინთიდან არც ერთ მხარეს არა გვაქვს. დღეს ეს წარმოუდგენლად შეიძლება ვინმემ მიიჩნიოს, მაგრამ, რწმენა, სიმტკიცე და ჰუმანიზმი ყველა ჯებირს ანგრევს. ისტორიას ბევრი მაგალითები ახსოვს, როცა წარმოუდგენელი რეალობად  ქცეულა. თუნდაც ბერლინის კედელი რად  ღირს.  ბედის უკუღმართობით ასეთი კედელია სწორედ  ენგურის ხიდზე  ჩვენ შორის გაწოლილი, რომელიც მწამს, აუცილებლად  დაინგრევა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში ურთიერთობა ძირითადად აფხაზ ახალგაზრდებთან მაქვს. მათი მსოფლმხედველობა სხვაგვარად ვითარდება.  ისინი ნათლად აცნობიერებენ, რომ ურთიერთობა, რომელიც დღეს  რუსეთთან აქვთ, არ ღირდა ძმათა შორის სისხლისღვრად.  რაც დრო გავა,  მეტად დარწმუნდებიან ამაში. ჩვენი მიზანი ძალის დემონსტრირება არ არის. დრო და გონიერი მოქმედება ყველაფრის გადაფასებას მოახდენს.  მჯერა, რომ ქართველების და აფხაზების მომავალი„განწირულია“ ერთად ცხოვრებისთვის.

მიხეილ ჭაბუკაშვილი