უახლესი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

16 04 2014 | ავტორი: admin
რუსეთის საგარეო უწყება ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გარესამყარო
0

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ აძვთან რუსი მესაზღვრეების მიერ ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 15 აპრილს რუსმა მესაზღვრეებმა, რომლებიც მთავრობათაშორის შეთანხმების შესაბამისად, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის დაცვას ახორციელებენ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამი ქართველი ტელეჟურნალისტი დააკავეს.

„მოქმედი წესის თანახმად, დაკავებულები სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას გადაეცა. არსებული მონაცემები ადასტურებენ, რომ საზღვრის დამრღვევები შეგნებულად და დემონსტრაციულად გადავიდნენ სოფელ აძვიდან, მის მიმდებარედ, სამხრეთ ოსურ დასახლებულ პუნქტში, სადაც სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გადაღება მოახდინეს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, ეს უნდა შეფასდეს როგორც დაგეგმილი აქცია, რომლის მიზანიც პრაღაში, დღეს მიმდინარე აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ატმოსფეროს დაძაბვა იყო.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრაღის მორიგი შეხვედრის წინ მსგავსი სახის პროვოკაციის ორგანიზება ხდება. ყოველივე ეს ისევე, როგორც ბოლო დროს გავრცელებული ცრუ ინფორმაცია რუსეთის თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე, მოწმობს, რომ ქართულ საზოგადოებაში გრძელდება ბრძოლა იმ ძალებს შორის, რომლებიც ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასა და მათ შორის, ვინც იზიარებს მტრობის გაღვივებისკენ მიმართულ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებულ კურსს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსმა ოკუპანტებმა ტელეკომპანია „ტვ3“-ის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი – სოფელ აძვში გუშინ დააკავეს. ისინი სოფელში სიუჟეტის მოსამზადებლად იყვნენ ჩასული.