უახლესი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს მიმართა

16 10 2015 | ავტორი: admin
ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს მიმართა
ეკონომიკა
0

ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ეს იყო ყოველთვის საქართველოს როლი მსოფლიოში – რეგიონალური ცენტრი, ადგილი, სადაც გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობებია.

„როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო იდეალურად უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ მარშრუტს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აბრეშუმის გზის გაყოლებაზე არსებულ თანამშრომლობისა და ვაჭრობის პოტენციალზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე.

· ჩვენ ვართ პატარა, ოთხმილიონიანი, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით.

· ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა.

· მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით.

· გადასახადების სიმსუბუქის მხრივ კი, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ.

· ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც აღმოფხვრილია კორუფცია.

· ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. დღეს შეიმჩნევა უცხოური ინვესტიციების ნაკადის უპრეცედენტო ზრდა.

· 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი, რაც არამხოლოდ 87 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს, არამედ ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც არის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.

· ბაზარზე ახალი შემომსვლელებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ორი მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ფონდი: საპარტნიორო ფონდი და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშზე მმართველობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა:

· 13 პუნქტით რეგულაციების ხარისხის კატეგორიაში;

· 16 პუნქტით გამოხატვისა და ანგარიშვალდებულების კატეგორიაში;

· 19 პუნქტით კანონის უზენაესობის კატეგორიაში;

· 22 პუნქტით პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობის კატეგორიაში;

· 23 პუნქტით კორუფციის კონტროლის კატეგორიაში.