აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამხედრო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო. კონგრესის მიერ მიღებულ 612 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო ბიუჯეტში 300 მილიონი დოლარი უკრაინის შეიარაღებისთვის იყო გამოყოფილი.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, კანონპროექტი არასაჭირო პროგრამებზე ზედმეტი ფულის ხარჯვას ითვალისწინებს. ობამას აზრით, დოკუმენტში პოზიტიური ასპექტებიცაა გამოტანილი, მაგალითად პენსიაზე გასული სამხედროებისა და კიბერუსაფრთხოების სისტემის დაფინანსების ზრდა.
აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონპროექტში სამხედრო ბიუჯეტი 90 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი, რაც ამერიკის ეკონომიკის ზრდას ხელს არ შეუწყობს. ვეტოს შემდეგ კანონპროექტი ისევ კონგრესმა უნდა განიხილოს.