უახლესი ამბები

პრეზიდენტმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს გადასცა

27 05 2014 | ავტორი: admin
პრეზიდენტმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს გადასცა
პოლიტიკა
0

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს გადასცა , – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დავით პატარაიამ განაცხადა. მისი განცხადებით, კონსტიტუციის მიხედვით, შეთანხმების დადების უფლებამოსილება პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროშია.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება უნდა დაიდოს 27 ივნისს. ეს არის შეთანხმება, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. კონსტიტუციის მიხედვით, ამ ყოვლისმომცველ შეთანხმების დადების უფლებამოსილება პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროშია. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განზრახული აქვს ხელშეკრულების ხელმომწერად განისაზღვროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. იმისთვის, რომ საქართველოს პრემიერი-მინისტრის ხელმოწერის უფლება განხორციელდეს ისე, რომ არც დღეს და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომავალში, არ დაისვას კითხვის ნიშნები ხელმოწერის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გადასცეს ერთჯერადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა პატარაიამ.
მისივე თქმით, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და მე-13 მუხლების შესაბამისად, ამ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულების სახით, რომელიც საჭიროებს პრემიერის კონტრასიგნაციას.
„შესაბამისად, გაცნობებთ, რომ დღეს ვუგზავნით საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომლის მიხედვით, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ანიჭებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილებას. იმედი გვაქვს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შეთანხმების კონსტიტუციური პროცედურა უახლოეს დღეებში დასრულდება“, – აღნიშნა პატარაიამ.
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ბრიუსელში, 2014 წლის 27 ივნისს მოაწერს ხელს.