წლის ბოლოს ამერიკული შენაერთების ძირითადი ნაწილის გასვლის შემდეგ, პრეზიდენტ ბარაკ ობამას 9800 სამხედრო მოსამსახურის დატოვება სურს ავღანეთში.
როგორც ნავარაუდევია, ამის შესახებ პრეზიდენტი განცხადებას სამშაბათ საღამოს გააკეთებს.
გეგმის მიხედვით ავღანეთში დარჩენილი სამხედროები დახმარებას გაუწევენ ავღანელ სამხედროებს და აუცილებლობის შემთხვევაში კონტრტერორისტული ოპერაციების ორგანიზებას მოახდენენ.
ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, 2015 წელს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა განახევრდება, ხოლო 2016 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში მხოლოდ საელჩოს თანამშრომლები დარჩებიან.
გეგმის განხორციელება დამოკიდებულია ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელმაც ქაბულსა და ვაშინგტონს შორის ბევრი გაუგებრობა გამოიწვია.
მომზადებულია BBC Russia-ს მასალებზე დაყრდნობით Abkhazia News-სთვის