უახლესი ამბები

სოხუმში ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან

28 05 2014 | ავტორი: admin
სოხუმში ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან
კონფლიქტები
0

ოკუპირებულ აფხაზეთში, ამ წუთებში ე.წ. პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან.  

აფხაზეთში დღეს არსებულ ვითარებასა და ამ ვითარებიდან გამოსავლის გზების ძიებასთან დაკავშირებით, დაგეგმილია ე.წ. პარლამენტის საგანგებო სესია.

აფხაზეთის ოპოზიცია დე-ფაქტო პრეზიდენტ ანქვაბის გადადგომას ითხოვს. საპროტესტო აქციები სოხუმში, რასაც ადმინისტრაციული შენობების დაკავება მოჰყვა გუშინ, ე.წ. ეროვნული კრების შემდეგ დაიწყო. შეკრების ძირითადი მიზეზი, უკანონო პასპორტიზაციის საკითხი, შეთანხმება ნავთობის მოპოვების შესახებ და უმუშევრობაა.

„ყველანი მოწმეები ხართ, რომ უკვე ნახევარი წელია, ჩვენ ვცდილობდით, გადაგვედო ეს შეკრება, იმედი გვქონდა რა პრეზიდენტთან მოლაპარაკების, მაგრამ მისგან საპასუხოდ ვერავერი მივიღეთ“, – განაცხადა სახალხო შეკრების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მწერალმა ვიტალი გაბნიამ.

ასევე, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ოპოზიციის მოთხოვნას ე.წ. მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით დათანხმდა, თუმცა რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი აქტივისტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრის გამო მან შეხვედრა დატოვა. 

„ანქვაბმა თავისი ადმინისტრაცია მას შემდეგ დატოვა, რაც იქ ოპოზიციის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მოლაპარაკებებზე მან თანხმობა განაცხადა მთავრობის, გენერალური პროკურორისა და აფხაზეთის ორი რაიონის ხელმძღვანელის გადაყენებასთან დაკავშირებით. თუმცა, ოპოზიცია უფრო მეტს ითხოვს: პრეზიდენტის გადადგომას“, – განაცხადა დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ.