სოხუმში, დღეს ე.წ. პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება. სხდომაზე „დეპუტატები“ შექმნილი დაძაბული ვითარებიდან გამოსავლის მოძებნას შეეცდებიან.
დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა გუშინ გვიან ღამით მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ იგი არსად წასულა. დე-ფაქტო ლიდერის ინფორმაციით, ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
„მე არსად წავსულვარ. აფხაზეთში ვიმყოფები. უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად განვიხილავთ სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვარიანტს. მოქალაქეების დიდი ჯგუფი, მათ შორის შეიარაღებული პირები, მოვიდნენ აფხაზეთის ტელევიზიაში და ფაქტობრივად, ძალით დაიკავეს იგი. ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, რათა ვითარება სამართლებრივ ჩარჩოებში დავაბრუნოთ“, – განაცხადა ანქვაბმა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნუგზარ აშუბამ, ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან დაწყებულ ქმედებებს „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ უწოდა.
ამასთანავე, ე.წ. ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადების გაკეთებით, “დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს” სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ გადატრიალებას არ დაუშვებენ.
ამავე დროს, ადმინისტრაციული შენობების წინ მდებარე მოდანზე ამ დრომდე რჩებიან ოპოზიციის აქტივისტები, რომლებიც დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის გადადგომას ითხოვენ. ასევე დაგეგმილია ანქვაბის მომხრეების აქციაც.
სოხუმში, რასაც ადმინისტრაციული შენობების დაკავება მოჰყვა გუშინ, ე.წ. ეროვნული კრების შემდეგ დაიწყო. შეკრების ძირითადი მიზეზი, უკანონო პასპორტიზაციის საკითხი, შეთანხმება ნავთობის მოპოვების შესახებ და უმუშევრობაა.
„ყველანი მოწმეები ხართ, რომ უკვე ნახევარი წელია, ჩვენ ვცდილობდით, გადაგვედო ეს შეკრება, იმედი გვქონდა რა პრეზიდენტთან მოლაპარაკების, მაგრამ მისგან საპასუხოდ ვერავერი მივიღეთ“, – განაცხადა სახალხო შეკრების ერთ-ერთმა წარმნომადგენელმა, მწერალმა ვიტალი გაბნიამ.
ასევე, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ოპოზიციის მოთხოვნას ე.წ. მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით დათანხმდა, თუმცა რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი აქტივისტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრის გამო მან შეხვედრა დატოვა.
„ანქვაბმა თავისი ადმინისტრაცია მას შემდეგ დატოვა, რაც იქ ოპოზიციის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მოლაპარაკებებზე მან თანხმობა განაცხადა მთავრობის, გენერალური პროკურორისა და აფხაზეთის ორი რაიონის ხელმძღვანელის გადაყენებასთან დაკავშირებით. თუმცა, ოპოზიცია უფრო მეტს ითხოვს: პრეზიდენტის გადადგომას“, – განაცხადა დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ.