უახლესი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ რეფერალური ობიექტი გახსნა

03 12 2015 | ავტორი: admin
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ რეფერალური ობიექტი გახსნა
საზოგადოება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (ΤΙΚΑ) ფინანსური მხარდაჭერით რეფერალური პროგრამის ფარგლებში, თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე მოქმედი ობიექტი გაიხსნა. სადაც, ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული პაციენტები და მათი თანმხლები პირები განთავსდებიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კუთვნილი ობიექტის სარემონტო სამუშაოები და მისი შესაბამისი ინვენტარითა და ავეჯით აღჭურვა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ობიექტში განთავსებულია  2 კომფორტულად მოწყობილი საძინებელი ოთახი, 7 საწოლით და საცხოვრებლად საჭირო ინვენტარის სრული კომპლექტით, როგორც ტექნიკის, ასევე თეთრეულის სახით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო და სააბაზანო.

ობიექტის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა,  თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მუსტაფა ქორქმაზი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები.

ვახტანგ ყოლბაიას თქმით, აფხაზეთის მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს როგორც საელჩოებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად.

„თურქეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ამ შენობაში, რომელიც აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემას ეკუთვნის, რეფერალური პროგრამების ფარგლებში,  აფხაზეთიდან   ჩამოსული ბენეფიციარებისთვის გავხსენით სარეაბილიტაციო ცენტრი. ამიერიდან,  აფხაზეთიდან სამკურნალოდ ჩამოსულებს ვისაც არსად აქვს წასასვლელი პრობლემა  მოეხსნებათ.  ჯერ-ჯერობით გამოყოფილი ფართობი 7 საწოლისთვისაა გათვალისწინებული. ვაგრძელებთ  მუშაობას  ამ საკითხზე, რომ უახლოეს მომავალში უფრო მეტი ბენეფიციარის მიღება შეცძლოთ. ქუთაისშიც გვაქვს ანალოგიური 8 საწოლიანი  ჯანმრთელობის ცენტრი.  ბუნებრივია, ვიზრუნებთ მათი გაფართოებაზეც.  სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ   ჩვენი   ბენეფიციარები მკურნალობას გააგრძელებენ იქ, სადაც მათ ჯანდაცვის სამინისტრო რეფერალური პროგრამით გაანაწილებს.  რაც შეეხება თბილისს, მას მეთვალყურეობას გაუწევს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს პოლიკლინიკა, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამის დახმარებასაც აღმოუჩენს.  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში მიიღო მონაწილეობა, უწინარესად თურქეთის  განვითარების სააგენტო „თიკას“, თურქეთის საელჩოს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტს გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისათვის – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.