უახლესი ამბები

დედაქალაქის მერმა ერთი წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა

08 12 2015 | ავტორი: admin
დედაქალაქის მერმა ერთი წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა
საზოგადოება
0

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებსა და დიპლომატიურ კორპუსს დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციაზე მერიის სამსახურებისა და გამგეობების მიერ 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით წარმოებული სამუშაოები იყო წარმოდგენილი.

დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიში სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი თბილისის 2015 წლის ბიუჯეტია, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმა – მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და სხვა პროგრამების ბიუჯეტები, ამასთან, შემცირდა თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული ხარჯები.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე – 2014 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები (23 609,3 ლარი), წინა ხელისუფლების პირობებში, 2014 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში, ამავე ტიპის სამუშაოებში ბიუჯეტის ათვისებას (25 020,4 ლარი) უტოლდება. რაც შეეხება 2015 წლის საგზაო სამუშაოებს, 2014 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებთან შედარებით (224 119,20 მ2 ასფალტი), 2015 წლის ამავე პერიოდის განმავლობაში არსებითად მეტი გზის საფარი დაიგო ( დაახლ. 269 726,85 მ2 ასფალტი). განხორციელდა საინჟინრო ნაგებობებისა და სხვა ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, ავარიული საცხოვრებელი შენობების კაპიტალური გამაგრება.

დამუშავების პროცესშია მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქის მდგრადი განვითარების ძირეულ პრინციპებს მოიცავს. ამასთან, ქალაქის საჭიროებების გათვალისწინებით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, გამკაცრდა სარეკრეაციო ზონების დაცვის რეჟიმი, მშენებლობისას გაიზარდა გამწვანებული ნაწილის კოეფიციენტი. დედაქალაქის მდგრადი განვითარებისთვის თბილისის მერია “მომავლის ქალაქის” პროექტის განხორციელებას იწყებს. ქალაქის ისტორიაში პირველად, ძალაში შევიდა თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია, რომელიც მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, დედაქალაქის გარემოსდაცვით პრიორიტეტებს განსაზღვრავს. მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავების მიზნით, განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ემისიების, CO2-ის, შემცირებისა და თბილისში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველსაყოფად.

დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშში დეტალურად გაიწერა თბილისის მერიის მიერ 12 თვის განმავლობაში წარმოებული სამუშაოები, მათ შორისაა – შშმ პირთა ხელშეწყობა და ადაპტირებული გარემოს შექმნა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშეწყობა, კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა, გამწვანება, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარიდან თბილისის მერია ქალაქის ადაპტირების სამწლიანი გეგმის განხორციელებას დაიწყებს. გეგმის ფარგლებში, უნივერსალური დაპროექტების პრინციპების გათვალისწინებით, 315 მუნიციპალური შენობა-ნაგებობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ადაპტირება მოხდება. სამშენებლო პროექტებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში 14 000 000 ლარი გამოიყოფა. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი ჩანაცვლდება და 2016 წლიდან თბილისის ავტო-პარკს 200-მდე ახალი ადაპტირებული ავტობუსი შეემატება.

რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, პირველად დაიწყო აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სრულად არის ათვისებული ქალაქის რესურსი, დაკმაყოფილებულია შემოსული განცხადებების 95%, დაფინანსდა 280 ბენეფიციარი. ასევე, პირველად ხორციელდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს სრული მკურნალობა უტარდებათ. თბილისის მერია საყოველთაო დაზღვევის პროგრამასთან ერთად, უზრუნველყოფს მოქალაქეების ოპერაციების, მედიკამენტების, ამბულატორიული მომსახურებისა და რადიოლოგიური კვლევების დაფინანსებას. პირველად აშენდა კაპიტალური თავშესაფარი უსახლკაროთათვის, რომელიც 240 ბენეფიციარზეა გათვლილი.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, კერძოდ, თბილისის მასშტაბით, 2014 წლის შემოდგომიდან დღემდე 500 ათასამდე ხე არის დარგული, რაც 9-ჯერ აღემატება წინა 5 წლის განმავლობაში დარგული ნერგების რაოდენობას.
2 400 000 მ2 მიწის ფართობზე მეტს მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი. გაფართოვდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, თბილისის ზღვაზე დაიწყო დენდროლოგიური პარკის მოწყობა. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვერეს ხეობას მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი და კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის მიხედვით, მზიურის ტერიტორიისა და მთლიანად ხეობის განვითარება მხოლოდ აღნიშნული სტატუსის ფარგლებში განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ საცხოვრებელი კორპუსები აღარ აშენდება, მოეწყობა საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ზონები.

აღსანიშნავია, რომ გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 2 500 არსაზრდელს ემსახურება, ასევე, დაგეგმილია დამატებით 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა. სხვადასხვა სარემონტო სამუშაო ჩატარდა 125 ბაგა-ბაღში, ყველა მათგანში დამონატჟდა ცენტრალური გათბობა.

ანგარიშის დიდი ნაწილი 13 ივნისის სტიქიის შედეგებსა და სალიკვიდაციო სამუშაოებს ეთმობა – დედაქალაქის მთავრობამ დაზარალებულები დაუყოვნებლივ უზრუნველყო დროებითი საცხოვრისებით, რის შემდეგაც სტიქიის ზონებში დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის აღწერა/შეფასება განხორციელდა და ბოლო მონაცემებით, მერიამ საცხოვრებელი ფართის შესაძენად თანხა 46 ოჯახს უკვე ჩაურიცხა. ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით, შეიქმნა საოჯახო პაკეტები და დაზარალებულებს შესაბამისი კომპენსაციები ჩაერიცხათ. სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების სწავლის დაფინანსებას, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს. მომზადდა დასკვნა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი არეალების შესახებ, განხორციელდა და მიმდინარეობს მთელი რიგი საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

ანგარიში, ასევე, მოიცავს თბილისის საცობებისგან განტვირთვის მიზნით ჩატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს, მათ შორისაა – კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა, აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე დაგეგმილია გზის კაპიტალური შეკეთება, ასევე, მნიშვნელოვანია კახეთის გზატკეცილის თბილისის ზღვასთან დაკავშირება.

დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის მიზნით განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, ამასთან, დამტკიცდა შიდა აუდიტის 2015-2017 წლების სტრატეგიული გეგმა, რაც სისტემის ფინანსური მართვისა და კონტროლის ეფექტურობას უზრუნველყოფს.

დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებსა და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.