უახლესი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი გაფორმდა

15 12 2015 | ავტორი: admin
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი გაფორმდა
საზოგადოება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, ორი უწყება გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ერთობლივი ღონისძიებებით ხელი შეუწყონ აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების ჯანმრთელობის დაცვას, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, მათ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სამსახურსა და აფხაზეთის მთავრობის ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას ვეტერანთა სამართლებრივი უფლებების განმტკიცების მიზნით.

აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანთათვის ერთობლივი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით რეგიონებში გასვლით სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს და მედიკამენტებით უფასო უზრუნველყოფას, სპორტის ხელმისაწვდომობისათვის პირობების შექმნას, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვეტერანთა ტურნირების ჩატარებას, მხარეების პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შესაძლებლობებით ჰუმანიტარული, კულტურული, საგანმანათლებლო, ჯანდაცვითი, ეკონომიკური და სხვა სოციალურ ეკონომიკური დანიშნულების პროექტების შემუშავებას და განხორციელებას.

მხარეთა შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს ამ მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგსა და კოორდინაციას.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანები იმყოფებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიას თქმით, აფხაზეთის მთავრობა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ერთობლივი ძალებით ვეტერანთათვის მრავალ სიახლეს გეგმავს.

„ჩვენმა ვეტერანებმა ბოლო პერიოდში ძალიან სერიოზული მხარდაჭერა იგრძნეს მთავრობისაგან.  აფხაზეთის მთავრობის შესაძლებლობები  რა თქმა უნდა, გაცილებით მწირია,  ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის  პროექტები კი მრავალფეროვანი და მოცულობითია. ჩვენი სურვილია მათთან ერთად კოორდინირებულად გადავწყვიტოთ  ერთობლივი საკითხები, შესაძლებლობები გავაერთიანოთ და  ვეტერანთა დასახმარებლად მიზნობრივი და ქმედითი ღონისძიებები დავსახოთ. მადლობა მინდა გადავუხადო ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელობას, ბატონ შიხიაშვილს ჩვენ ვეტერანებზე მზრუნველობისათვის.  მადლობას მოვახსენებ ჩვენს ვეტერანებს იმისათვის, რომ მუდამ მზად არიან საკუთარი წვლილი შეიტანონ ნებისმიერ წამოწყებაში.  მათ  ხომ  ძალიან სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლიათ კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ვინ თუ არა ომის მონაწილემ იცის, მშვიდობის ფასი და მშვიდობის ენა.  მათი  ამაგი ჩვენთვის დაუფასებელია. ამიტომაც აფხაზეთის მთავრობა და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური  ეცდება მათთვის ახალი პროექტების ფარგლებში მრავალი სიახლე დაგეგმოს“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.