უახლესი ამბები

ახალი ზელანდიის ახალი დროშის საბოლოო დიზაინი ცნობილი გახდა

16 12 2015 | ავტორი: admin
ახალი ზელანდიის ახალი დროშის საბოლოო დიზაინი ცნობილი გახდა
გარესამყარო
0

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ქვეყნის ახალი დროშის საბოლოო დიზაინი გამოაქვეყნა. ახალი სახელმწიფო დროშის ბედს მოსახლეობა მომავალი წლის მარტში დაგეგმილ რეფერენდუმზე გადაწყვეტს. შესარჩევ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა არქტიეტქორ კაილ ლოკვუდის შავ, თეთრ და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილმა ვერსიამ, რომელსაც „ვერცხლისფერ გვიმრას“ უწოდებენ. მეორე ადგილზე გავიდა იგივე დიზაინის წითელი, თეთრი და ლურჯი ვერსია.  ახალი ზელანდიის საარჩევნო კომისიის ცნობით, გამარჯვებულმა დიზაინმა შერჩევის პროცესში  4,4 მლნ მოსახლეობისგან 1,5 მილიონზე მეტი ხმა მიიღო; კონკურსში სულ 10 000-ზე მეტი ვერსია მონაწილეობდა. 

ახალი ზელანდიის ამჟამინდელ დროშაზე გამოსახულია გაერთიანებული სამეფოს დროშა – ნიშანი იმისა, რომ ეს ქვეყანა ერთ დროს ბრიტანეთის იმპერიის კოლონია იყო. დროშაზე ასევე გამოსახულია სამხრეთის ჯვარი – თანავარსკვლავედი, რომელიც მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩანს. სამხრეთის ჯვარი შენარჩუნებულია ახალ დროშაზეც, თუმცა ბრიტანეთის დროშა ჩანაცვლებულია ახალი ზელანდიის ენდემური მცენარით – ვერცხლისფერი გვიმრით, რომელიც ქვეყნის საკმაოდ ცნობილი სიმბოლოა. ვერცხლისფერ გვიმრას სიმბოლოდ ამჟამად უკვე იყენებს ახალი ზელანდიის მრავალი ინსტიტუცია, მათ შორის ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები.

როდესაც გასული წლის ბოლოს ახალი დროშის შესარჩევი კამპანია დაიწყო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯონ კეიმ აღნიშნა: „უკვე დროა, რომ ახალმა ზელანდიელებმა ეროვნული დროშა შევცვალოთ და ავირჩიოთ ის ვერსია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს ჩვენი სამშობლოს, როგორც თანამედროვე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსს“.  თუმცა, პროცესით უკმაყოფილოა ახალი ზელანდიის მოქალაქეთა დიდი ნაწილი. უკმაყოფილების მიზეზი რეფერენდუმის სიძვირეა – 26 მილიონი აშშ დოლარი. ახალი ზელანდიელების ამ ნაწილის აზრით, დროშის შეცვლას პოლიტიკური სარჩული უფრო აქვს, ვიდრე ეროვნული გრძნობების ასახვა.

ფაქტია, რომ ახალ ზელანდიელთა უმეტესობას ამჟამინდელი დროშა მოსწონს. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, 65 პროცენტს არსებული დროშის შენარჩუნება სურს. თუმცა, ექნება თუ არა ახალ ზელანდიას ახალი დროშა, ეს 2016 წლის მარტში დაგეგმილ რეფერენდუმზე გადაწყდება.