სოციალური ქსელით გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები დაბლოკილია. პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, ვის მიერ და როგორ მოხვდა უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი ინტერნეტსივრცეში.
სწორედ მითითებული კადრების გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები იყო მთავარი სასაუბრო თემა პრემიერის და ძალოვანი უწყებების პირველი პირების შეხვედრაზეც. ჩანაწერის გამო პარლამენტის თავმჯდომარე საგამოძიებო ორგანოებს საგანგებო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
უკანონო ჩანაწერს მწვავე რეაქციებით ეხმაურებიან მესამე სექტორიდანაც. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დღეს გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.