უახლესი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემოქმედებითი კოლექტივი ოსკაროსან პროდიუსერს შეხვდა

06 04 2016 | ავტორი: admin
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემოქმედებითი კოლექტივი ოსკაროსან პროდიუსერს შეხვდა
კულტურა
0

ვალერი არქანიას სახელობის სამხატვრო გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ნიდერლანდების დიასპორის წარმომადგენლის, პროდიუსერ დალი უბილავა-დე გრააფის პროექტის „ოსკარი გადაეცემა – სილია ვან დაიკის ვორქშოფების“ ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის შემოქმედებითი კოლექტივი ოსკაროსან პროდიუსერს სილია ვან დაიკს შეხვდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და შემოქმედებითი კოლექტივი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა და ოსკაროსანმა პროდიუსერმა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივისათვის ვორქშოფი ჩაატარა.

სილვია ვან დეიკი ჰოლანდიური ანიმაციის ასოციაციის საბჭოს წევრია. მის კოლექციაში 10 წელიწადში 400-მდე ანიმაციური ფილმი დაგროვდა. 1985 წელს კი ამერიკის კინოაკადემიამ სილვია ვან დეიკის პროდიუსერული საქმიანობა უმაღლესი ჯილდოთი შეაფასა და გადასცა „ოსკარი“ ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა“.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, სილვია ვან დეიკთან თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება.
„ოსკაროსან პიროვნებასთან შეხვედრა თავისთავად ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, მთელი საქართველოსთვის. დღეს ჩვენ ვუმასპინძლეთ ქალბატონ სილია ვან დაიკს, რომელიც ძალიან სერიოზული ანიმატორი და ავტორიტეტული პიროვნებაა კინემატოგრაფიულ სამყაროში. აფხაზეთის თემატიკასთან მისი დამოკიდებულება ჩვენდამი ინტერესს ცხადყოფს, რისთვისაც მე მას დიდი მადლობა გადავუხადე აფხაზეთის მთავრობის სახელით. ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ასეთი შეხვედრები სამომავლოდ შეიძლება ნიდერლანდებშიც შედგეს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ დალი უბილავას, რომელიც ამ შესანიშნავი ქალბატონის ჩვენთან მოწვევის ინიციატორი გახლავთ. სწორედ მისი მეშვეობით მოეწყო აფხაზეთის მხატვრების საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოფენა ნიდერლანდებში, ქალაქ ლეიდენში. ეს თანამშრომლობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, რაც ჩვენი სახელოვანი მხატვრებისა და შემოქმედებითი კოლექტივებისთვის ახალ ჰორიზონტებს გახსნის“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.