უახლესი ამბები

„ილიაობის“ დღესასაწაულს წელს აფხაზეთის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს

03 08 2016 | ავტორი: admin
„ილიაობის“ დღესასაწაულს წელს აფხაზეთის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს
კულტურა
0

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე „ილიაობის“ ტრადიციულიდღესასწაული აღინიშნა. მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის რეგიონის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. გაიმართა აფხაზური საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზი ეროვნების სტუმრებმა,მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ამ ფორმატით დღესასწაული 2014 წლიდან აღინიშნება და მას უკვე ტრადიციული სახე აქვს. ყოველი წლის 2 აგვისტოს ილიას მუზეუმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობს. 2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის მასპინძლები აჭარის რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ, 2015 წელს დამსწრე საზოგადოებას სამეგრელოს რეგიონმა უმასპინძლა.

ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს „ილიაობა“ მიულოცა.

„რა უნდა იყოს იმაზე საამაყო, რომ  საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში „ილიაობის“ ზეიმს აფხაზეთის დელეგაცია მასპინძლობს. ილიაობა 6მართალია, ესეც პირობითია, ვინაიდან ”ილიაობას” არ შეიძლება ერთი მასპინძელი ჰყავდეს, მას   მთელი საქართველო მასპინძლობს. სასიხარულოა, რომ დღევანდელ ზეიმს    აფხაზეთის ასეთი წარმომადგენლობითი  დელეგაცია ესწრება.  ისმის  ცეკვები, სიმღერები  ლექსები, საუკეთესო შემსრულებლები ერთმანეთს ენაცვლებიან.   სად, თუ არა საგურამოში, ილიას სახლ- მუზეუმში უნდა ვუსურვოთ ერთმანეთს ჩვენ, აფხაზებმა და ქართველებმა ერთიან ქართულ სახელმწიფოში  ღირსეულად დაბრუნება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღევანდელი დღის შრომა იტვირთა  და ასე უნაკლოდ ჩაატარა „ილიაობის“ დიდებული დღესასწაული. კიდევ ერთხელ  ვულოცავ  დამსწრე საზოგადოებას და  საქართველოს ყველა მოქალაქეს „ილიაობას“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.