უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია: ევროპისკენ ფანჯარა დიდი ხანია, ღიაა, მაგრამ ჩვენ – ქართველები და აფხაზები კარიდან შევალთ – როგორც კავკასიელებს გვეკადრება

18 08 2016 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია: ევროპისკენ ფანჯარა დიდი ხანია, ღიაა, მაგრამ ჩვენ – ქართველები და აფხაზები კარიდან შევალთ – როგორც კავკასიელებს გვეკადრება
ინტერვიუ
0

საინფორმაციო სააგენტო „აქცენტის“ ინტერვიუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ვახტანგ ყოლბაიასთან. 

– ბატონო ვახტანგ, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ბიუჯეტები დიდწილად რუსეთის დახმარებაზეა ორიენტირებული, მოსახლეობა ორივე რეგიონში მთელი ამ წლების განმავლობაში საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ამის ერთერთ მთავარ მიზეზად მათი ეკონომიკების განუვითარებლობა სახელდება. პარალელურად თავად რუსეთშიც მომწიფებულია უკმაყოფილება მათ გამუდმებულ დოტირებასთან დაკავშირებით. თუ არაფერი შეიცვლება, როგორ გესახებათ აფხაზური ეკონომიკის მომავალი?

-აფხაზეთში მართლაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და, რა თქმა უნდა, მძიმე სოციალური პირობებიც. მოსახლეობის უმრავლესობა გაჭირვებაში ცხოვრობს. ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები განპირობებულია უამრავი ფაქტორით, მათ შორის – ინსტიტუციური განუვითარებლობით, ინვესტიციური მიმზიდველობისა და მსხვილი ბიზნესის არარსებობით, სამართლებრივი კულტურის, მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების  დაბალი დონით, კორუფციის მაღალი მაჩვენებლით, ფინანსური სისტემის განუვითარებლობით, ქონების კლანური გადანაწილებით და სხვა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ მისი ე.წ.დამოუკიდებლობის აღიარების შემდგომ  აფხაზეთი ბევრი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მიუხედავად სხვა მოლოდინებისა. მათ შორისაა უმუშევრობის მაღალი დონე,  დაბალი სახელფასო და საპენსიო ფონდი, სიღარიბის მაღალი და ცხოვრების ხარისხის დაბალი მაჩვენებლები. გარდა იმისა, რომ აფხაზეთის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ძირითადად სხვა ქვეყნის (კერძოდ, რუსეთის) ასიგნებებით ყალიბდება, მისი ეკონომიკაც სხვა ქვეყნის ვალუტაზე (რუსულ რუბლზე) არის მიბმული, რაც ნათლად მეტყველებს რეგიონის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური „დამოუკიდებლობის“ ხარისხზე.

ამ ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ბუნებრივია, ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამ პირობებში ვერ ჩამოყალიბდება უცხოური კერძო ბიზნესისთვის (რუსეთის გარდა, იქ პრაქტიკულად არავინაა)  ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და კლიმატი.

რადგან ეკონომიკა უმეტესად „ჩრდილოვანია“, ადმინისტრირება, როგორც ასეთი, უშედეგოა, განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ.საგადასახადო სამსახურს.

ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ე.წ. “წილი”. ეს განაპირობებს “მეწილეთა” შორის კონფლიქტებს, რომელიც რეგულირდება არაფორმალურად, სასამართლო სივრცის მიღმა. ამასთან, თვით აფხაზი ექსპერტების მიერ აღიარებულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს კორუფციული ბუნების არაფორმალური სტრუქტურების დესტრუქციული ზეგავლენა სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემაზე.

რუსეთის ეკონომიკაზე აფხაზეთის დამოკიდებულება კიდევ უფრო გაძლიერდა ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულების ხელმოწერით.

თუ არაფერი შეიცვლება და ამავე დროს, რუსეთის მხრიდან გაგრძელდება ყოველწლიური ფინანსური დახმარება, როგორც სოციალური, ისე საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, აფხაზური ეკონომიკა შეძლებს გარკვეულწილად სტატუს-კვოს შენარჩუნებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია. საკმარისია, რუსეთმა არ შეავსოს ბიუჯეტი, აფხაზეთი კატასტროფის წინაშე დადგება. თუ დასჭირდებათ, იტყვიან, აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავის თავს მიხედოსო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ არაფერი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებისთვის.  

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი აფხაზეთში დემოგრაფიული ბალანსია. ამ მხრივ პრობლემების არსებობას პირად საუბრებში თავად აფხაზებიც აღიარებენ. როგორია თქვენი პროგნოზი? 

გეთანხმებით, უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა აფხაზეთში, სტატისტიკა საგანგაშოა. დღევანდელოკუპირებულ აფხაზეთში დემოგრაფიული მდგომარეობა განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით: შობადობის დაბალიდა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები; უმუშევრობის მაღალი დონე; მოსახლეობის ჯანმრთელობის ცუდიმდგომარეობა; მიგრაციული პროცესები და სხვა. აღსანიშნავია აგრეთვე ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოგრაფიულ სიტუაციაზე, მათ შორისნარკომანია, ალკოჰოლური დამოკიდებულება,ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები და სხვა;  1992-1993 წლების ომით გამოწვეული სერიოზული უარყოფითი დემოგრაფიული შედეგები: რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მკვეთრად შემცირება, მოსახლეობის ამ  ჯგუფისიძულებითი ემიგრაცია და სხვა.  

ასე, რომ დღეისათვის არსებული დემოგრაფიული სიტუაცია მართვაც კატასტროფულია, რაზეც პერიოდულად საუბრობენ როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე პოლიტიკური მოღვაწეები თვით აფხაზეთში. მათ ესმით, რომ სტატისტიკურ მონაცემებში მოსახლების რაოდენობის ხელოვნური ზრდით დემოგრაფიული პრობლება ვერგადაიჭრება.  

მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობად შეიძლება, ჩაითვალოს, ერთის მხრივ, სირიიდან და თურქეთიდან რეპატრიანტების პროგრამა და, მეორეს მხრივ, აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება.რეპატრიანტების პროგრამამ  ვერ იმუშავა – რეგიონში არსებული უპერსპექტივო სოციალურეკონომიკურიმდგომარეობის გამო. 

ამავე დროს, დემოგრაფიული პრობლების გაღრმავებას ხელოვნურად აკავებენ იმით, რომ რეგიონში ჯერ კიდევ არარის მიღებული უცხოელებზე საცხოვრებელი ფართების ყიდვაგაყიდვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რაცდიდი ვნებათაღელვის და დაპირისპირების საფუძველი შეიძლება, გახდეს. 

ვფიქრობ, რომ სოციალურეკონომიკური და შემდეგ პოლიტიკური საკითხების ძირეულად და საფუძვლიანად მოგვარების გარეშე ოკუპირებულ აფხაზეთში დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი იქნება

სოციალურეკონომიკური საკითხების მოგვარება შესაძლებელს გახდიდა, როგორც მინიმუმ, მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო დახმარების გაწევას, მათ შორის – სოფლად; ახალგაზრდა ოჯახებისთვის რეგულარული დასაგრძნობი დახმარებისა და შემწეობების გაცემას; მრავალშვილიანი ოჯახებისთვის  განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების დაწესებას და ..

თუ არაფერი შეიცვალა, ერთმანეთს ხელი არ გავუწოდეთ და ჯიუტი თხებივით გავაგრძელეთ ქცევა… ვფიქრობ,  გვაქვს იმდენი გონიერება,  რომ მივხვდეთ:  დემოგრაფიული  ,,პრობლემების ხიდი“ ერთად უნდა  გავიაროთ, მშვიდობიანად და ჩვენი მომავლის გადასარჩენად.

-იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში რუსეთის მიმართ გარკვეული უკმაყოფილებაა მომძლავრებული და თავად რუსეთშიც იგრძნობა ერთგვარი გადაღლა ოკუპირებული რეგიონების გამუდმებული პრობლემებით, ხომ არ დადგა დრო, საქართველომ რეგიონთან მიმართებაში საკუთარ პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს? პირადად თქვენ როგორ ხედავთ ამ შეცვლილ ვითარებაში თბილისის სამოქმედო გეგმას?

-დავაზუსტოთ… უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას სიმართლე: აფხაზეთში რუსეთის ხელისუფლების (და არა ხალხის) პოლიტიკის წინააღმდეგ ყოველთვის იყო უკმაყოფილება – ცარიზმის პერიოდშიც და შემდგომშიც, დღევანდელი მომძლავრებული უკმაყოფილება კი ამ ისტორიული განწყობის „გარეთ გამოტანაა“. ქართველობა და აფხაზობა ერთიანი კოლხური კულტურის არეალიდან მოდიან, მათთვის მიუღებელია სხვისი ცხოვრების წესით მოქმედება. აფხაზები დღეს ხედავენ, რომ მათ ე.წ. დამოუკიდებლობას სერიოზულად უჭირს, ეს მხოლოდ დეკლარირებაა და მეტი არაფერი. აფხაზეთში აფხაზურ ენას უჭირს, სკოლებში რუსულად მიმდინარეობს სწავლება, ბიუჯეტს რუსეთი „უვსებთ“ და რომ დასჭირდეს, ხაზინას დაუცარიელებთ. არის სხვა საკითხებიც. ეს რეალობაა, ისევე, როგორც ის, რომ ცვლილებები აუცილებელია.

რაც შეეხება თბილისის სამოქმედო გეგმას, იგი შესაბამის სტრუქტურებშია წარდგენილი. ხანდახან სჯობს, გეგმების, პროგრამებისთვის მეტი დრო იყოს, დაუშვებელია ნებისმიერი აზრის მედიასაშუალებებით გახმოვანება – კონტრპოზიციაც ხომ არსებობს?

– კეთილი, მაშინ მინდა, გკითხოთ კონკრეტულად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატზე, რომელშიც გაერო, ეუთო, ევროკავშირი მონაწილეობენ. მას ხშირად აკრიტიკებენ, როგორც არაეფექტურს, მათ შორის – აფხაზური და ოსური მხარეები. თქვენ როგორ აფასებთ ამ ფორმატს და მის პერსპექტივებს? ხომ არ განიხილება მისი მოდიფიკაციის საკითხი?

-ამ ეტაპზე ჟენევის  მოლაპარაკების ფორმატი ერთადერთია, სადაც ყველა მხარეა წარმოდგენილი და შეიძლება ამა თუ იმ საკითხის, პრობლემის წინ წამოწევა და განხილვა. კრიტიკა ადვილია, მაგრამ საქმე – რთულად საკეთებელი. თქვენ ამბობთ, განსაკუთრებით აფხაზური და ოსური მხარეები აკრიტიკებენო… შესაძლოა, ასეც იყოს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ძნელია, დაამტკიცო ის, რაც შენ გინდა, როცა მტკიცებულებები არ აქვს. ასეთ დროს არის იმის ალბათობა, რომ მათ რაღაც არ მოსწონდეთ, მაგრამ მაინც ხომ ვთანამშრომლობთ? მაინც ხომ ვეძებთ გამოსავალს ურთულესი მდგომარეობიდან?

-აფხაზები მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ ქართველებს ათეული წლების განმავლობაში არც ერთხელ არ უღიარებიათ დაშვებული შეცდომები, რომ სანამ ეს არ მოხდება, დიალოგზე საუბარი ზედმეტია. რას ეტყოდით მათ ამის საპასუხოდ?

-შეცდომები ორივე  მხარემ დავუშვით, განსაკუთრებით – საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ, მაგრამ გავითვალისწინოთ, რა დრო იყო, კანონიერად  არჩეული ხელისუფლება განდევნილი იყო სახელმწიფო გადატრიალების გზით, ახალი ხელისუფლება კი არჩევნების  გზით არ იყო მოსული.  ედუარდ შევარდნაძის  გავლენა სუსტი  იყო, კონფლიქტი მოსკოვიდან მისი დაბრუნებიდან 5 თვისა და 7 დღის შემდეგ დაიწყო. ჩვენ, აფხაზეთში მცხოვრებმა ყველა ერისა და ეროვნების ადამიანებმა დავუშვით შეცდომა – არ გავერთიანდით! მეზობლებმა, მეგობრებმა, თანასოფლელებმა, თანამოქალაქეებმა ეს ვერ მოვახერხეთ. პროვოკაციაზე წამოგვაგესო? – ჩვენ ეს არ უნდა დაგვეშვა!

რაც შეეხება  შეცდომის აღიარებას – კონფლიქტის დაწყება…  აღიარა ეს საქართველოს იმჟამინდელმა პირველმა პირმა ედუარდ შევარდნაძემ (ამის ჩანაწერებიც არსებობს), თუმცა გეთანხმებით, ამაზე აქცენტი არც მაშინ გაკეთებულა. ისე ჩაიარა ამ აღიარებამ, რომ დღესაც პრაქტიკულად არავის ახსოვს.

– ევროპისკენ ფანჯრის გახსნა, რასაც აფხაზებსა და ოსებს ქართული მხარე სთავაზობს, მათი მხრიდან ამ ეტაპზე ფაქტობრივად უარყოფილია. როგორც მათთან პირადი კონტაქტებიდან დავადგინეთ, მიზეზი არა მარტო რუსეთის ფაქტორია: სამწუხაროდ, ქართული მხარის ძალისხმევა აფხაზებისა და ოსებისთვის აქედან  მომდინარე სიკეთეების გასაცნობად არასაკმარისია. ბევრმა უბრალოდ არ იცის, კონკრეტულად რა სიკეთეების მომტანია ეს მათთვის. თქვენი უწყება თუ მუშაობს ამ მიმართულებით? და თუ შეიძლება, განვუმარტოთ ჩვენს აფხაზ და ოს მკითხველს დეტალურად, რას მოუტანს ეს მათ.

გეთანხმებით,  პრობლემები არის, ამის უარყოფა შეუძლებელია, მაგრამ  „ყინული ლღვება“ ,  აგრესია იცვლება, კითხვები ჩნდება, ე.ი., ინტერესი არის… ასეთ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ყველაფერი გულწრფელად  ავუხსნათ, მივაღწიოთ იმას, რომ ჯერ მოგვისმინონ,  შემდეგ განიხილონ და იქნებ გადაიდგას ნაბიჯები ერთობლივი შეხვედრებისა და საკითხების განხილვისათვის.

ინფორმაციებს როგორ ვაწვდით? ელექტრონული მედიის, ჩვენი სამთავრობო თუ სოციალური ქსელებით. არ არის ეს ადვილი, მაგრამ ვცდილობთ.

კითხვაზე, რას მოუტანს აფხაზებს და ოსებს ეს ყველაფერი, მარტივად გიპასუხებთ- სიკეთეს, ცივილიზებულ სამყაროსთან სიახლოვეს. სარისკოა  მარტოდ დარჩენა, როცა არ გაქვს შანსი თანამედროვეობის, ცვლილებების, განვითარების…. როცა არ გინდა, იყო ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი.

არ ვფიქრობ, რომ აფხაზებს, ოსებს სხვა გზა  მოსწონთ… ისინი საღად აზროვნებენ და დღეს თუ ხვალ, ერთად მივაღწევთ წარმატებებს. ევროპისკენ ფანჯარა დიდი ხანია, ღიაა… მაგრამ ჩვენ კარიდან შევალთ – ისე, როგორც კავკასიელებს გვეკადრება.

– შეიძლება, ითქვას,  რომ ერთადერთი წარმატებული პროგრამა, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, სადღეისოდ სამედიცინოა. ვგულისხმობ რეფერალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც აფხაზები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უფასოდ იღებენ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას. როგორია ამ პროგრამის შედეგები მისი ამოქმედებიდან დღემდე?

-ერთადერთი თუ ერთ-ერთი? სხვა მიმართულბითაც მიმდინარეობს მუშაობა – გნებავთ ახალგაზრდობის დაახლოების, საერთაშორისო კონფერენციების, ახალგაზრდული ფორუმების სახით… კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხით უამრავი პროგრამა და პროექტია.

რაც შეეხება ჯანდაცვის კუთხით გაწეულ მუშაობას, შედეგები მართლაც კარგია და ეს საქართველოს ახალი ხელისუფლების მიზანმიმართული მუშაობის შედეგია. ჩვენც გაგვეხსნა ხელ-ფეხი. უფრო მეტი სერვისი შევთავაზეთ, მათთან ურთიერთობის პრობლემებიც მოიხსნა. თურქეთის საელჩოს დახმარებით, ერთ-ერთი თურქული კომპანიის – „TIKA“-ს მეშვეობით მათთვის მომზადდა მინისასტუმრო, სადაც ავადმყოფების ახლობლებს შეუძლიათ გაჩერება, მკურნალობის, ოპერაციის პერიოდში ყოფნა და იქ ყველა პირობაა შექმნილი მათთვის.

პროგრამის შედეგები ურიგო მართლაც არ გახლავთ: მარტო  2016 წლის I-II კვარტლის მონაცემებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დახმარებისათვის მომართა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა 1099-მა პირმა, მათ შორის – 630-მა ეთნიკურად აფხაზმა.

 -აქვე მინდა, კიდევ ერთხელ გავამახვილო თქვენი ყურადღება აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უმწვავეს პრობლემებზე: განსხვავებით აფხაზებისგან, რომელთაც ენგურს აქეთ, შეიძლება, ითქვას, თავს ევლებიან, ენგურს იქით მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბევრად მწირი სიკეთეებით სარგებლობენ. თავად არაერთხელ უთქვამთ ჩვენთვის, რომ ორი ანალიზის გამო სიცხიანი შვილის აქეთ გადმოყვანა არ უღირთ. სხვათა შორის, ამავე მიზეზით საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმით იმუქრებიან ის აფხაზებიც, რომელთაც ქართული პასპორტები სწორედ ხარისხიანი უფასო სამედიცინო მომსახურების მიღების იმედით აიღეს. როდის მოგვარდება მათთვის ეს პრობლემა?

-გეთანხმებით, ეს პრობლემა ჩვენც გვაწუხებს. არათანაბრობის პრინციპს დროდადრო ადგილი აქვს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  უკიდურესად მძიმე სიტუაციის დროს, საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრის განკარგულებით, ეს პრობლემა გვარდება. მართალია, ამას ჯერ სისტემური და სამართლებლივი ხასიათი არ აქვს, მაგრამ ამაზე მიდის მუშაობა. ვფიქრობ,  საკითხი გადაწყდება ჩვენი ხალხის სასარგებლოდ.

-კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენთან საუბარში ბოლო დროს აფხაზეთში მცხოვრებ არაერთ ქართველს გაუჟღერებია, ქართველი მესაზღვრეების ქცევაა მათ მიმართ. როგორც ამბობენ, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ენგურს აქეთ გადმომავალ ქართველებს ისევე ჩხრეკენ, როგორც  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ხშირად დამცინავ ფრაზებს ისვრიან მათი მისამართით, უკრძალავენ ცოტაოდენი პროდუქტის გადმოტანასაც კი. ამის გამო მათთვის გაუგებარია, მაშინ ვისთვის და რისთვის გაიხსნა რუხის სავაჭრო კომპლექსი, რომელშიც, როგორც თავად გვითხრეს, უმთავრესად ზუგდიდის რაიონის მაცხოვრებლები ვაჭრობენ?

– მოდით, დავაზუსტოთ: ეს არ არის სახელმწიფო საზღვარი – ადმინისტრაციულია. კარგია, რომ კავშირი გქონიათ აფხაზეთში მცხოვრებ  ქართველებთან, აფხაზებთან. კარგი იქნებოდა ჩვენი ძალების გაერთიანება.

რაც შეხება ე. წ. მესაზღვრეებს, მარტო უდანაშაულო ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტიც კმარა სისასტიკის საზომად, მაგრამ ქართველ სამართალდამცავებსაც სჭირდება მხარში ამოდგომა. თუ ასეთ ფაქტებს ადგილი აქვს, ამაზე რეაგირებაა საჭირო. აქ დასამალი არაფერია, პირიქით, წაყრუება საქმისათვისაა საზიანო.

პროდუქტების გადმოტანის აკძალვის შესახებ არაფერი მსმენია. გამიგონია, რომ ენგურს გაღმა სურსათის აქეთ გადმოტანაზე დაწესებულია ე.წ. გადასახადი. აქეთ მხარეს მსგავს რამეს ადგილი არ აქვს.  ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება. არის ფაქტები? – იქ ყველა, ყველას იცნობს და დარწმუნებული ვარ, შეუფასებელი და დაუსჯელი არავინ  დარჩება.

ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ და მხარში დავუდგეთ ყველას, ვის მიმართაც მსგავსი რამ მოხდება.

– კი ბატონო, თუ ასეა, შევეცდებით, დავეხმაროთ ამ ადამიანებს უშუალოდ თქვენთან დაკავშირებაში. და ბოლოს, გვიწევს იმ სამწუხარო ფაქტის კონსტატირება, რომ კონფლიქტების მოსაგვარებლად ლამის ყველა სახელმწიფო უწყებაა მომართული, რომ იკითხოთ, თუმცა მათი კოორდინირებული მუშაობა არ ჩანს. მით უფრო არ არის კოორდინირებული ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის მუშაობა. ერთ-ორ უწყებას თუ არ ჩავთვლით, ჩვენმა   პროექტმაც ვერ ჰპოვა ფაქტობრივად ვერანაირი მხარდაჭერა შესაბამისი უწყებების მხრიდან. ყველას მოსწონს, თუმცა ამას იქით საქმე არ მიდის – და არა მარტო ფინანსური, არამედ ელემენტარული საინფორმაციო თანამშრომლობის თვალსაზრისით. არადა, ამ მიმართულებით მედიაში პროექტები არცთუ ხშირია. ფიქრობთ, შორს წავალთ, თუ მდგომარეობა არ შეიცვლება? ეს ყველაფერი ხომ მომძლავრებული რუსული პროპაგანდის პირობებში ხდება?! 

-არ ვიცი, თქვენმა რომელმა პროექტმა ვერ ჰპოვა მხარდაჭერა. პროექტების ერთპიროვნული განხილვა არ ხდება. რაც შეეხება კოორდინირებულ მუშაობას, გეთანხმებით, ახლებური მიდგომებია საჭირო. ზოგი რამ შევცვალეთ, გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიეთ, როცა ჩვენი ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები  და მედიის წარმომადგენლები ერთად მუშაობენ ამა თუ იმ პრობლემაზე, მაგრამ რადგან ამბობთ, რომ მეტია გასაკეთებელი, უნდა გავაკეთოთ. წარმოადგინეთ პროექტები, განვიხილოთ საჯაროდ, რაც შეგვეძლება, გავაკეთებთ, რაც არა – სხვებს მივმართოთ დასახმარებლად – ასე ალბათ, რაღაც გამოგვივა.

მე ვფიქრობ, რომ მადლობა გვაქვს სათქმელი მედიისთვის: თქვენ რომ არა, ძალიან გაგვიჭირდებოდა. გმადლობთ!

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „აქცენტი“