უახლესი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება

04 06 2014 | ავტორი: admin
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება
კონფლიქტები
0

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით, ის, რაც ბოლო პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება. პრემიერის თქმით, ხელისუფლებას ამ ეტაპზე დაძაბული განცხადებების გაკეთება და დამატებითი აჟიოტაჟის ატეხვა არ სურს. 

„ჩვენ რა თქმა უნდა, იქ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით.  მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არაა საჭირო გარკვეული აჟიოტაჟი ავტეხოთ და საზოგადოება დავძაბოთ. ჩემი შეფასებით, ეს ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილებაა. გასაგებია, გაჩნდა გარკვეული სპეკულაციები, რომ შეიძლება იქ გალის მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეექმნას, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და დეტალური ანალიზის გაკეთება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი. ჩვენ რეალურად დავიწყეთ, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პოლიტიკა. აბსოლუტურად შევცვალეთ ის რიტორიკა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა ჩვენს მოძმე აფხაზებთან და ოსებთან. ასე რომ ჩვენ არ გვსურს დამატებითი აჟიოტაჟის შექმნა და დაძაბული განცხადებების გაკეთება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დასმულ კითხვაზე – უკავშირდება თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესს და მასში რუსეთის შესაძლო ჩარევას და ხელშეშლას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პროცესის გართულების ნიშნებს ვერ ხედავს.
„ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება, რომ რუსეთი არ აპირებს ჩაერიოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების პროცესში. შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე ვერავითარ ნიშანს ვერ ვხედავთ, რომ რაიმე გართულებას უნდა ველოდოთ. პირიქით ჩვენ ვაგრძელებთ იმ კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დავიწყეთ და რასაც კონკრეტული პოზიტიური შედეგები მოჰყვა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.