უახლესი ამბები

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით წიგნის „მერაბ კოსტავა“ პრეზენტაცია გაიმართა

28 10 2016 | ავტორი: admin
აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით წიგნის „მერაბ კოსტავა“ პრეზენტაცია გაიმართა
კულტურა
0

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ნინო მიქიაშვილის წიგნის „მერაბ კოსტავა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. წიგნი  აფხაზურ ენაზე „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა“ თარგმნა. წიგნი ბიოგრაფიული ხასიათისაა და ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტო მასალაა წარმოდგენილი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი და შემოქმედებითი წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოზე ისაუბრეს მერაბ კოსტავას ფასდაუდებელ წვლილზე საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ასევე, ხაზი გაესვა წიგნის გამოცემის მნიშვნელობას და როგორც ავტორმა აღნიშნა: „ამ წიგნის გამოცემით და ამ შეხვედრით გვინდა ვიპოვოთ ჩვენი წილი გზა აფხაზი ხალხის გულებისაკენ“.

ამასთანავე, აფხაზეთის დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.