უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია: რუსეთის სათათბირო ვერ ან არ აცნობიერებს, რომ აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია

03 11 2016 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია: რუსეთის სათათბირო ვერ ან არ აცნობიერებს, რომ აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია
ინტერვიუ
0

2016 წლის 2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე 2015 წლის ნოემბერში დადებული ე. წ.  შეთანხმების რატიფიკაცია მოხდა.

ამ ფაქტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ეხმაურება.

„არ გამკვირვებია, რომ 2 ნოემბერს დუმამ ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი ეგრეთწოდებული დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდიოდა, რომ 2015 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფებების შექმნას რატიფიცირების აქტი უნდა მოჰყოლოდა. განა ამას არ ითვალისწინებდა 2014 წლის ნოემბერში სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი ეგრეთწოდებული „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“? რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ 2 ნოემბერს ამ ეგრეთწოდებული შეთანხმების რატიფიცირება ხომ პირდაპირ გამოხატავს დოკუმენტის არსს. კერძოდ იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი პოლიტიკა კვლავ ძალაშია. საინტერესო ფაქტია ისიც,   რომ რუსეთის დუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელი ძმობასა და მეგობრობას გვეფიცება და ჩვენს სამომავლო კეთილმეზობლურ ურთიერთობებზეც კი საუბრობს.  როცა ამ განცხადების მეორე დღესვე დუმა რატიფიცირებას უკეთებს ხელშეკრულებას, რომელიც მთლიანად არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ურღვევობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა,  რა თქმა უნდა,  ეს ჩვენს ურთიერთობებს ვერაფერს შესძენს.   ასეთი დამოკიდებულება მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის სათათბირო ვერ ან არ აცნობიერებს, რომ აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და რომ საქართველოს ტერიტორიების ამგვარი ანექსია დოკუმენტების რატიფიცირების დონეზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების ყველაზე უხეში დარღვევაა. უმჯობესია ალბათ, რუსეთის სახელწიფო დუმამ ჯერ ეს ფაქტი შეიმეცნოს და ამის შემდეგ გამოითქვას მოსაზრებები კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენაზე. სხვა შემთხვევაში, ეს აღიქმება როგორც ცინიზმი და გაუგონარი თავხედობა“, – აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.