უახლესი ამბები

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში დიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

22 02 2017 | ავტორი: admin
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში დიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
კულტურა
0

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელ დიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო „დიმიტრი გულია  და მისი თანამედროვე აფხაზი პოეტები“ გაიმართა.

საღამოში მონაწილეობდნენ: სვეტლანა ქეცბა, ირმა ოსია, ოთარ ჟორდანია, სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელთან არსებული ანსამბლი „დიოსკურია“, აგრეთვე თბილისის მე-6, 45-ე, 87-ე, 180-ე და აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე მანანა ანუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

„უწინარესად მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ სვეტლანა ქეცბას დიმიტრი გულიასადმი მიძღვნილი საღამოს შესანიშნავად  ორგანიზებისთვის. ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, აფხაზეთის სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას აქ წაკითხულმა პოეტურმა  ქმნილებებმა,  რამდენიმე ხნით ყველანი აფხაზეთში დაგვაბრუნა.   ჩვენ  შინ ვიყავით,  საკუთარ სახლებში, ჩვენს მეზობლებთან, ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად.  დიმიტრი გულია ამბობდა, ქართველებსა და აფხაზებს ერთი ცის ქვეშ, ერთ მიწაზე გვიშენებია ჩვენი კულტურა, ერთად დაგვიცავს ჩვენი ეროვნული რაობაო. მოძმე ერებად ქართველები და აფხაზები ვიწოდებოდეთ ეს ცოტაა, ჩვენ ერთი ადათის, ერთი ფსიქოლოგიის ერები ვართო. უკეთ თქმა შეუძლებელია. სწორედ მის კვალზე გაიზარდა მთელი პლეადა აფხაზებისა, რომლებიც ასეთივე რუდუნებით აგებდნენ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ურღვევ ხიდებს.  ეს  ურთიერთობა თავის დროზე მაგალითი გახდა იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ ჭერქვეშ ჰარმონიულად მონაცვლეობდნენ აფხაზური და ქართული ენები.  სწორედ ძმობამ და კულტურული მემკვიდრეობისადმი ორი ერის ფაქიზმა მიდგომამ შექმნა  გალაკტიონის „მერი“ და „ვეფხისტყაოსანი“ აფხაზურ ენებზე.

დღევანდელი დღე გამორჩეული და ემოციით დატვირთულია.  განსაკუთრებული    ელფერი დღევანდელ საღამოს შესძინა იმანაც, რომ აფხაზი პოეტების ქართულ ენაზე თარგმნილ ლექსებს კითხულობდნენ თბილისში დაბადებული ბავშვები. მადლობა ამ ყმაწვილებს, მათ პედაგოგებს და  ამ არაჩვეულებრივი საღამოს შემოქმედებს“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.