უახლესი ამბები

აფხაზეთის მთავრობამ 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეომასალის ჩვენება გამართა

10 03 2017 | ავტორი: admin
აფხაზეთის მთავრობამ 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეომასალის ჩვენება გამართა
პოლიტიკა
0

აფხაზეთის მთავრობამ 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო-ანგარიშის ჩვენება გამართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა. წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების მიმოხილვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების თანამშრომლები.

„2016 წლის მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში დღეს ვიდეო -ფილმის სახით წარმოვადგინეთ, რომელიც  რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. გვსურდა  აგვერიდებინა ყოველგვარი ანგარიშების მიმართ გამომუშავებული  კლიშე. ვგულისხმობ, დიდი მოხსენების კითხვას, რომელიც უფრო მოსაწყენი, მონოტონური  და მომაბეზრებელი მოსმენების კატეგორიას განეკუთვნება. ამიტომ, ჩემი აზრით, მივმართეთ უფრო ინოვაციურ მეთოდს და  ჩვენი  მთავრობის მიერ გაწეული ერთწლიანი  მუშაობის ძირითადი მიმართულებები  იმ ვიდეო-ანგარიშით  წარმოვადგინეთ, რომელიც დღეს ყოველმა თქვენგანმა იხილა. დარბაზის რეაქციამ გვაგრძნობინა, რომ ასეთი ფორმატი ურიგო არ არის და მის დახვეწაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, უფრო სრულყოფილი ნამუშევრის მისაღებად. ბუნებრივია, ჩვენი მიზანი ამავე დროს იყო, გვეჩვენებინა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მათ მიერ  გაწეული საქმიანობის  შედეგი,   ხაზი გაგვესვა დევნილთათვის სოციალური პროექტების  განხორციელების მნიშვნელობისთვის. გვსურდა  ენახათ  საელჩოებს, უცხოურ უწყებებს,  არასამთავრობო სექტორს ის მასალები, რომელიც ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის მანძილზე  შეიქმნა და დადებითად აისახა დევნილთა  არც თუ იოლ ცხოვრებაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღეს ჩვენთან მობრძანდა და კეთილი სიტყვები არ დაიშურა ჩვენი მისამართით და იმათაც, ვინც შენიშვნები მოგვცა და გამოცდილება გაგვიზიარა. მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის ტელევიზიის თანამშრომლებს, რომელთც  დიდი შრომა გასწიეს ამ ვიდეო-მასალის  გადაღება-მომზადებაში“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.