უახლესი ამბები

აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა

16 03 2017 | ავტორი: admin
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა
საზოგადოება
0

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს აფხაზეთის ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია აფხაზურ და ქართულ ენებზე გააცნეს. აგრეთვე აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ცნობილი აფხაზი პოეტების ლექსები. გაკვეთილის ბოლოს ახალგაზრდებმა სიმბოლურ „ნატვრის ხეზე“ თავიანთი სურვილები დაწერეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია.

„აფხაზური ენის სწავლების შემოღებას ჩვენს მიერ დაქვემდებარებულ სკოლებში დიდ მიღწევად მივიჩნევთ.  მე პირადად მესამედ ვესწრები აფხაზური ენის გაკვეთილს და პროგრესსაც ვამჩნევ სწავლების მეთოდიკის საკითხებში. მეამაყება, რომ ჩვენი ბავშვები ასე კარგად ეუფლებიან აფხაზურ ენას.  ამაში დავრწმუნდი მეც და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავაც, რომელიც ჩვენთან ერთად ესწრებოდა ღია გაკვეთილს. ალბათ შეგვიძლია კიდეც ვიამაყოთ იმით, რისი გაკეთებაც მოხერხდა მომავალი თაობებისთვის აფხაზური ენის პოპულარიზაციის მხრივ.  შეუძლებელია გულგრილად გადაავლო თვალი ბავშვების ასეთ გულმოდგინებას, როცა ისინი აფხაზურ ენაზე ცნობილი პოეტების ლექსებს კითხულობენ, გვიყვებიან აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.  მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს, პედაგოდებს, თავად ბავშვებს, სკოლის დირექციას,   აფხაზური ენის შესწავლის საქმეში დიდი წვლილის შეტანისთვის.  სწორედეს გახლავთ აფხაზებთან ჩვენი ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის ერთ-ერთი წინაპირობა.  აფხაზებისადმი პატივისცემა იმითაც უნდა გამოიხატოს,  რომ ჩვენ ქართველებს მხოლოდ აფხაზურ ენაზე საუბარი კი არ შეგვეძლოს, არამედ, გავაკეთოთ ყველაფერი აფხაზური ენის შესწავლა-განვითარებისა და მისი მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.