უახლესი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

16 03 2017 | ავტორი: admin
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
კონფლიქტები
0

1993 წლის მარტში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის სტუქტურების თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.


1993 წლის 15-16 მარტს, მოწინაღმდეგემ სოხუმზე, გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად მოიგერიეს და პოზიციები გაიმაგრეს, მაგრამ ამ უმძიმეს და უთანასწორო შეტაკებას შეეწირა და ბრძოლაში დაიჭრა ასობით თავდადებული მებრძოლი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში 1993 წლის 15-16 მარტი აფხაზეთის ომის ერთ-ერთ უმძიმეს დღედ შეიძლება ჩაითვალოს. 16 მარტს გუმისთასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა, რომელიც აურაცხელი მსხვერპლით დასრულდა. განსაკუთრებით დიდი დანაკარგი მიიღო აფხაზურმა მხარემ. სწორედ ამ დღეს წყდებოდა სოხუმში ჩარჩენილი მოსახლეობის ბედი. უდიდესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა მოსახლეობა, ქალები ბავშვები, მოხუცები, უმწეო ადამიანები, ჩვენს მეომრებს არნახული გამეტებით რომ არ ებრძოლათ. ქართველმა მეომრებმა უდიდესი თავდადების ფასად შეძლეს სოხუმის მოსახლეობის დაცვა და გადარჩენა. სინანულით ვიხსენებთ იმ ტრაგიკულ დღეებს, დაღუპული მეომრების სამარადისო ხსოვნას გულით ვატარებთ. ქედს ვიხრით ქართველი და აფხაზი დედების წინაშე, რომელთაც შვილები ამ ძმათამკვლელ ომში დაკარგეს. ასეთი ტრაგიზმით აღსავსე წარსულის მიუხედავად ჩვენ და აფხაზებმა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები სწორედაც რომ უნდა მოვნახოთ, თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი და ერთიან ქართულ სახელმწიფოში მშვიდობიანად შევძლოთ ცხოვრება“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.