უახლესი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან შეხვედრა გამართა

09 06 2014 | ავტორი: admin
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ  თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან შეხვედრა გამართა
გარესამყარო
0

2014 წლის 9 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ გამართა შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან. შეხვედრა შედგა ქართული მხარის ინიციატივით.

შეხვედრისას განხილული იქნა დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. მინისტრის მოადგილემ დააფიქსირა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება და პროტესტი 2014 წლის 6 ივნისს თურქი პარლამენტარების მიერ აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებით და გამოთქვა იმედი, რომ მსგავსი ფაქტები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს, მომავალში აღარ განმეორდება.
ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის გატარებას.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით, ელჩმა განაცხადა, რომ თურქეთის რესპუბლიკა მუდმივად იქნება დიალოგში ქართულ მხარესთან, რათა მოხდეს ამგვარი ფაქტების პრევენცია. ამასთან, ქვეყნის მთავრობა გააგრძელებს მოსახლეობის ინფორმირებას არაღიარების პოლიტიკის, საქართველოს კანონმდებლობისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მექანიზმების თაობაზე.