უახლესი ამბები

აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

24 04 2017 | ავტორი: admin
აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
მეცნიერება
0

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის, ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.


მთაწმინდის პანთეონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა და სტუდენტებმა გვირგვინით შეამკეს ილია ვეკუას საფლავი. შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა. ღონისძიება გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. სხდომას უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. ღონისძიებაზე დამწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსგნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ჩილაჩავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯაიანი, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი გურამ ბოკუჩავა, აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „აფხაზეთის“ ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია. ღონისძიებაზე აგრეთვე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი – „აკადემიკოს ვეკუას პორტრეტი“ . მუსიკალური ნომრებით წარსდგა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომლებმაც ქართულ და აფხაზურ ენებზე შეასრულეს სიმღერა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დაწესდება აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აკადემიკოსები, მეცნიერები, პროფესორები, საზოგადო მოღვაწეები, ახლო ნათესავები და სტუდენტები.
ილია ვეკუა 1907 წელს გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაიბადა. ზუგდიდის საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე გაააგრძელა სწავლა.


უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებისთანავე, ნიკო მუსხელიშვილის რეკომენდაციით, ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად ლენინგრადის უნივერსიტეტში გაემგზავრა. 1933 წელს იგი თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1944 წელს ილია ვეკუა აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს – ნამდვილ წევრადდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

1958 წლიდან იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1959 წელს ილია ვეკუა ახლადდაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა.
1964 წელს ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა და ორჯერ ეკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა.
1972 წლის მაისში ილია ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.
ვახტანგ ყოლბაიამ ილია ვეკუას ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში, აფხაზეთის ერთ-ერთ სკოლას მისი სახელი მიენიჭება.

„გამოჩენილ მეცნიერს, საქართველოს და სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ქართული მათემატიკური სკოლის უდიდეს წარმომადგენელს, საზოგადო მოღვაწეს, ილია ვეკუას, 110 წელი შეუსრულდა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ისეთ სამეცნიერო მიღწევებს უკავშირდება, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ავტორიტეტზე დგას. ილია ვეკუა საქართველოს ინტელექტუალური საუნჯე და საგანძურია, რომლითაც ქართველი ერი სამართლიანად ამაყობს. ილია ვეკუამ, როგორც თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ფართოდ გაუხსნა კარი ახალგაზრდობის სამეცნიერო აღზრდის, წინსვლისა და მოღვაწობის საქმეს. მისი უნიკალური სამეცნიერო მემკვიდრეობა მომავალი თაობებისთვის შეუცვლელ სახელმძღვანელოდ იქცა . ჩვენშიც და უცხოეთშიც მის სამეცნიერო ნაშრომებზე უამარავი თაობა აღიზარდა. ამ მხრივაც ილია ვეკუას შრომა და ღვაწლი დაუფასებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერის საყოველთაო აღიარებას, ამკობდა ადამიანური სისადავე, სიდარბაისლე, უბრალოება და თავმდაბლობა, რაც მისადმი ჩვენს პატივისცემას და მოწიწებას აორმაგებდა. აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობას, ჩვენ ყველას, გვეამაყება, რომ სწორედ აფხაზეთში, სოფელ შეშელეთში დაიბადა მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი, მეოცე საუკუნის უდიდესი მათემატიკოსი. ჩვენი სურვილია მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ უდიდესი მეცნიერის სახელის უკვდავყოფის საქმეში.
ილია ვეკუას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ვაწესებთ ილია ვეკუას სახელობით სტიპენდიას. ასევე, ვთხოვთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლას, მიენიჭოს ილია ვეკუას სახელი, საიუბილეო დღეები კი კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.