უახლესი ამბები

აფხაზეთის ხელისუფლებამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

09 05 2017 | ავტორი: admin
აფხაზეთის ხელისუფლებამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
საზოგადოება
0

აფხაზეთის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

„ჩვენი თაობა ვალდებულია პატივი მიაგოს იმ ხალხს, ვინც 1941-45 წლებში სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას. მსოფლიო ომმა უმძიმესი ადამიანური ზარალი მიაყენა საქართველოს. სტატისტიკის მიხედვით, საერთო ჯამში, ომის დროს სამხედრო სამსახურში საქართველოდან გაიწვიეს ნახევარ მილიონზე მეტი კაცი, მათგან დაახლოებით 200 ათასი დაიღუპა ან უგზო-უკლოდ დაიკარგა, 100 ათასამდე ხეიბრად იქცა. სწორედ ქართველები იბრძოდნენ წარმატებით თითქმის ყველა ფრონტზე და ალბათ სიმბოლურიც არის, რომ რაიხსტაგზე გამარჯვების დროშაც ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართა. დღეს ჩვენ, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მოვედით აქ, რათა ჩვენი პატივისცემა და მოწიწება გამოვხატოთ იმ ხალხის მიმართ, ვინც ფაშიზმთან ბრძოლას შეეწირა და ვინც საქართველოს თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე ანაცვალა“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.