უახლესი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთს ეწვია

15 05 2017 | ავტორი: admin
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთს ეწვია
საქართველო და გარესამყარო
0

საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთს პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და სახელმწიფო დელეგაცასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები – მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე, ადა მარშანია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში რევაზ გაჩეჩილაძე.

გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში 15 მაისს გაიმართება. რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები შედგება.

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ და სლოვაკი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები ასევე, პრემიერ რობერტ ფიცოსთან და ეროვნული საბჭოს სპიკერ ანდრეი დანკოსთან.

ბრატისლავაში გიორგი მარგველაშვილი კომენიუსის უნივერსიტეტში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით საჯარო ლექციას წაიკითხავს და უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას.

საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრატისლავაში ბავშვთა ფსიქოლოგიისა და პათოფსიქოლოგიის კვლევით ინსტიტუტს ეწვევა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს დაათვალიერებს. ასევე ეწვევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საწარმოს და საწარმოში დასაქმებულებს შეხვდება.

16 მაისს საქართველოს პრეზიდენტს პირველ ლედისთან ერთად სლოვაკეთის პრეზიდენტი ლევოჩაში, მშობლიურ ქალაქში უმასპინძლებს. პრეზიდენტები ტატრას მთაზე სამთო – სათხილამურო კურორტს დაათვალიერებენ და ანდრეი კისკა საქართველოს დელეგაციას ტურიზმის განვითარების მიმართულებით სლოვაკეთის გამოცდილებას გაუზიარებს.

გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ვიზიტი სლოვაკეთში 17 მაისს დასრულდება.