უახლესი ამბები

გაერთიანებული სამეფოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

08 06 2017 | ავტორი: admin
გაერთიანებული სამეფოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
გარესამყარო
0

გაერთიანებული სამეფოში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7 საათზე გაიხსნება. 650-მანდატიან თემთა პალატაში ადგილების მოსაპოვებლად კონსერვატიული, ლეიბორისტული, ლიბერალ- დემოკრატიული, მწვანეთა და დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიები, ასევე შოტლანდიის ეროვნული პარტია და უელსის „ფლეიდ ქამრი” იბრძვიან.

650 ოლქიდან 59 შოტლანდიის, 40 კი უელსის მანდატია. თითოეული საპარლამენტო ოლქიდან თემთა პალატის ერთ წევრს ირჩევენ, ოლქში კი გამარჯვებულად სახელდება ის კანდიდატი, ვინც კონკურენტებთან შედარებით მეტი ხმის მიღებას შეძლებს.

თემთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად 326 მანდატია აუცილებელი. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი პოლიტიკური პარტია აღნიშნული რაოდენობის მანდატის მოპოვებას ვერ შეძლებს, პარტიებს კოალიციის ჩამოყალიბების საშუალება ეძლევათ, ალტერნატივას წარმოადგენს უმცირესობით წარმოდგენილი მთავრობა, რომელიც მმართველობის ნაკლებად პოპულარული ფორმაა.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება დიდი ბრიტანეთის 18 წელს მიღწეულ რეგისტრირებულ მოქალაქეს აქვს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22 საათზე დაიხურება. ხმების დათვლის პროცესი კი უახლოეს საათებში დაიწყება – არა უგვიანეს 9 ივნისის 2 საათისა.

თემთა პალატის ახალი შემადგენლობის ფორმირება 13 ივნისს მოხდება. 19 ივნისს კი ახლადარჩეული თემთა პალატის პირველი სესია გაიმართება.