უახლესი ამბები

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით დევნილი ბავშვები დასასვენებლად ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ

03 07 2017 | ავტორი: admin
აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით დევნილი ბავშვები დასასვენებლად ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ
საზოგადოება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ „FINSOL“-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ. წელს ამ პროექტის ფარგლებში დასასვენებლად 15 ბავშვი გაემგზავრა.

მოზარდები ორი თვის განმავლობაში ესპანურ მოხალისე ოჯახებში დაისვენებებენ, სადაც ისინი გაეცნობიან მდიდარ ესპანურ კულტურას, შეისწავლიან ესპანური ენას და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის აქტივობებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL“ 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ „FINSOL“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასეულობით დევნილ ახალგაზრდას ესპანეთის სამეფოში დასვენების, ესპანურ ოჯახებში ცხოვრების, თავიანთ თანატოლებთან დამეგობრებისა და მრავალი სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალება მიეცა. საქართველოში აღნიშნული პროგრამის 20 წლისთავის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ „FINSOL“-ის პრეზიდენტს, ხულიო გარსიას მადლობის წერილი და საპატიო სიგელი გადასცა.